ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო, რომელიც ახლა უკვე სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, 45 წლის სპეციალისტი „სან პაულუს“ ჩაიბარებს.
ბრაზილიური გრანდიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დათხოვნილ ფერნანდო დინისს შეცვლის. ერნანი ამჟამად „დეფენსას“ თავკაცია, რომელთანაც კონტრაქტი ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ მისი შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კრესპოს გადაბირება კიდევ ერთ ბრაზილიურ გუნდ „სანტოსსაც“ სურდა, მაგრამ არგენტინელმა „სან პაულუ აირჩია.
ერნან კრესპოს სამწვრთნელო კარიერა „პარმას“ ახალგაზრდული გუნდიდან დაიწყო, შემდეგ იტალიურ „მოდენასა“ და არგენტინულ „ბანფილდს“ ავარჯიშებდა, ხოლო „დეფენსა“ გასულ წელს ჩაიბარა და ცოტა ხნის წინ კოპა სუდამერიკანაც მოაგებინა.