საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთთან გასამართ მატჩამდე 24 საათით ადრე, „მიხეილ მესხზე“ ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართა. ვაჯიშის შემდგომ პრესკონფერენციაზე მერაბ შარიქაძემ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეტოქე შეცდომებს დაელოდება, თუმცა გუნდი ამისთვის მზად არის.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული, კარგი თამაშის მოლოდინი აქვს ბორჯღალოსნების კაპიტანს:
„ისეთი მნიშვნელობის თამაშია, რომ არ გვაქვს უფლება ჩვენზე რაიმე ფაქტორმა უარყოფითად იმოქმედოს. ყველა მორაგბემ, რომელიც 23-კაციან განაცხადშია, ეს უფლება თავისი შრომით დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, ამოცანას თავს კარგად გავართმევთ“.
კაპიტანი ცენტრში თამაზ მჭედლიძეს შეუწყვილდება, რომელთან ერთადაც თითქმის ორი წელია თამაში არ დაუწყია:
„მას შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა, თუმცა ეს კვირა კარგად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ამოცანას თავს ეფექტურად გავართმევთ. რუსეთი ჩვენთან ფეხით ცდილობს თამაშს და წნეხის შექმნას, რათა ჩვენს შეცდომებს დაელოდოს, რისთვისაც მზად ვართ. მათთან გამარჯვებების დიდი სერია გვაქვს, რაც გარკვეული წნეხია. მათთან დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ჩვენთვის და გულშემატკივრისთვის უფრო მძიმედ აღიქმება. თუმცა მჯერა, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ მიღებული გამოცდილება ამ წნეხის დაძლევაში დაგვეხმარება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი 7 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე, მაყურებლის გარეშე გაიმართება.