რუსეთთან გასამართ მატჩამდე 24 საათით ადრე, ბორჯღალოსნებმა „მიხეილ მესხზე“ ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართეს.ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ გუნდი ამ თამაშს კარგად მომზადებული ხვდება:
„ნაყოფიერი კვირა გვქონდა და ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ. გუშინ ბიჭებს დასვენების დღე ქონდათ, რაც ძალების აღედგენაში დაგვეხმარა. ველოდებით დინამიურ თამაშს და ვეცდებით შემტევი რაგბი ვაჩვენოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის უპირატესობები, რაც მეტოქესთან გაგვაჩნია. როგორი იქნება თამაშის სურათი, ჩვენზეა დამოკიდებული. საჭიროა, რომ მოვიგოთ ორთაბრძოლები, ვაკონტროლოთ შეჯგუფებები და ამის შემდეგ ხელდახელ თამაშის შესაძლებლობაც გვექნება“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების საშუალო ასაკი 24-25 წელია და ფაქტობრივად, ბორჯღალოსნები ხვალინდელ მატჩს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ჩაატარებენ. შემადგენლობასთან დაკავშირებით მწვრთნელმა განაცხადა:
„მეორე ხაზში ვიხილავთ ლაშა ჯაიანისა და გიორგი ჯავახიას წყვილს. ჯაიანს ბოლო პერიოდში დიდი პროგრესი ჰქონდა და მისი შემადგენლობაში დაყენებასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩენილა. ჯავახიას ტრავმები აწუხებდა და „შემოდგომის ერთა თასზე“ უმეტესად შეცვლაზე უწევდა თამაში. ის გუნდს დიდ ენერგიას მატებდა, ახლა კარგ ფორმაშია და იმედი მაქვს თავს კარგად წარმოაჩენს“.
„ზაფხულის შემდეგ ბევრი იშრომა დავით ნინიაშვილმა. ის ძალიან მშრომელია და ეტაპობრივად მივეცით სათამაშო დრო, ახლა კი ძირითადში ყოფნა დაიმსახურა. მესმის, რომ ეს გარკვეულ წნეხთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამოცანას კარგად გაართმევს თავს“.
„გარკვეული შესვენების შემდეგ გვიბრუნდება ზურაბ ჟვანია, რომელსაც გარკვეული პერიოდი ტრავმები ჰქონდა და კლუბშიც ვერ თამაშობდა. გარდა ამისა, ბურჯის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და მისი გარკვეული პერიოდით არყოფნის მიზეზი ესეც იყო. ახლა ის ფიზიკურად კარგადაა და მისგან ჩვეულ სტილში თამაშს ველით“.
ახალი სახეებია რუსეთის ნაკრების შემადგენლობაშიც. მაისაშვილმა მეტოქესთან დაკავშირებით განაცხადა:
„რუსეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. ისინი მუდმივად ცდილობენ ახალი სახეების შემოყვანას, რათა ჩვენთან არსებული ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახონ. გუნდი ფიზიკურად და ტექნიკურად კარგადაა მომზადებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა კომპონენტში უპირატესობა გვექნება და ვეცდებით მეტოქე თავიდანვე წნეხში მოვაქციოთ“.
„სამწუხაროდ, თამაში უმაყურებლოდ ჩაივლის, რაც რაგბისათვის არატიპიურია. მსგავსი პრაქტიკა „შემოდგომის ერთა თასზე“ გვქონდა. ჩვენ განებივრებული ვართ გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერით, მაგრამ არსებულ სიტუაციასთან შეგუება მოგვიწევს“.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 7 თებერვალს 15 საათზე დაიწყება და რეფერი პორტუგალიელი პაულუ დუარტე იქნება, რომელსაც კიდეებიდან მოლდოველი ეუჯენ პროკოპი და ქართველი შოთა თევზაძე დაეხმარებიან.