ფეხბურთი

20:05 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ კლოპს შეუტია და ცინიკურად უპასუხა: "არ მეგონა ასეთი თუ იყო, ის შეცდა!"
"ლივერპული" - "მანჩესტერ სიტის" წინ დაძაბულობა მატულობს

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება და რაც უფრო ახლოვდება თამაში, დაძაბულობა უფრო მატულობს. „ლივერპული“ კრიზისშია, „სიტი“ კი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

„წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ბრაიტონთან“ (0:1) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი გადაიღალა, ხოლო მაგალითისთვის, „მანჩესტერ სიტის“ კორონავირუსის გამო ორი კვირა დასვენება მოუწია და ამიტომაც, კარგ ფორმაშია.

კლოპის ამ განცხადებას მატჩამდე „ქალაქელთა“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა, რომელმაც კოლეგა გააკტირიკა და მასზე ცინიკურადაც ისაუბრა. ესპანელმა აღნიშნა, რომ არ იცოდა, რომ გერმანელი ამ ტიპის მწვრთნელი იყო.

„ის შეცდა. ეს იყო ორთვიანი, სამთვიანი, ოთხთვიანი შესვენება და სწორედ ამიტომ, დავბრუნდით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე. იურგენმა უფრო კარგად უნდა შეხედოს კალენდარს, ჩვენ კორონავირუსი გვქონდა, ერთი კვირა გაჩერებული ვიყავით და „სტემფორდ ბრიჯზე“ სათამაშოდ 14 ფეხბურთელით წავედით. მაგრამ, იქნებ, მე ვცდები და ეს ორი-სამი კვირა იყო... როდესაც იურგენ ვნახავ, ვკითხავ, რამდენი დავისვენეთ. თუმცა, მიკვირს, არ ვფიქრობდი, რომ ასეთი მწვრთნელი იყო, არ ველოდი ასეთ კომენტარს. შეიძლება ეს გაუგებრობა იყო“, - თქვა გვარდიოლამ.

„ლივერპულს“ პრემიერლიგის ბოლო რვა მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული (3 ფრე, 3 წაგება), ხოლო „მანჩესტერ სიტის“ პირიქით, 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (11 მოგება, 2 ფრე) და უკანასკნელ 6 თამაშში გოლიც არ გაუშვია.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტი“ 21 თამაშში მოპოვებული 47 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „ლივერპულმა“ 22 მატჩში 40 ქულის დაგროვება შეძლო და მეოთხე საფეხურზეა. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი 1:1 დასრულდა, ამჯერად კი „ენფილდზე“ 7 თებერვალს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.132854