იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. 36 წლის მცველმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი საუკეთესო მტრად დაასახელა, სინანულით გაიხსენა, რომ 16 წლის ასაკში ლონდონის „არსენალს“ უარი უთხრა.
„თავდამსხმელებთან დუელის მოსაგებად პესიმისტი უნდა იყო და განჭვრიტო ყველაზე უარესი. ეს არის ფასი ნორმალური ფეხბურთელებისთვის, როგორიც ვარ მე ან ანდრეა ბარძალი. ანდრეა ძალიან კარგი მცველი იყო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა ისეთი ჩემპიონების ხარისხი, როგორებიც სერხიო რამოსს ან ვირჯილ ვან დეიკს აქვთ.
ჩემთვის მეტოქის სახიფათო დარტყმის დაბლოკვა ან გუნდის გოლისგან გადარჩენა უდიდესი ადრენალინია. გოლის გატანა სხვა ემოციაა, შეუდარებელი, მაგრამ არის მომენტები, როდესაც დაცვაში კარგი ვარდნა ჩემთვის უფრო ემოციურია. მაგალითად, პირადად მე „ბარსელონასთან“ გატანილ გოლზე (2017 წელს) მეტი ემოცია 89-ე წუთზე ჰარი კეინის დარტყმისგან კარის გადარჩენამ მომანიჭა (2018) წელს. ამ მომენტის შემდეგ ჯიჯისთან და ბარძალისთან ჩახუტება ყველაფერზე მეტყველებდა.
16 წლის ვიყავი, როდესაც „არსენალი“ მეპატიჟებოდა. სერია C-ში „ლივორნოში“ ვთამაშობდი და უარი ვთქვი, რადგან სულელი ვიყავი. მქონდა „ინტერის“ წინადადებაც, მაგრამ უარი ვთქვი, არ მინდოდა სხვაგან წასვლა და „ლივორნოს“ ღალატი.
მე და ზლატანი ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით, „იუვეში“ ჩემს პირველ სეზონში. არასდროს მეშინოდა მის პირისპირ თამაშის და უკან არასდროს დამიხევია. მას განსაკუთრებული ფიზიკური ძალა ჰქონდა. შემდეგ ის „აბოსლუტური მტერი“ გახდა, როცა „ინტერში“ წავიდა და მოგვიანებით „უბრალო მტერი“ „მილანში“ ან ეროვნულ ნაკრებში. ეჭვგარეშეა, რომ ჩემი კარიერის საუკეთესო მტერი იბრაჰიმოვიჩია“, - თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინის საფეხბურთო კარიერა „ლივორნოში“ დაიწყო, ხოლო 2004 წელს ის „იუვენტუსმა“ შეიძინა, მაგრამ პირველ სეზონში „ფიორენტინაში“ გაანათხოვრა. ჯორჯო ტურინელებს 2005 წელს დაუბრუნდა და მას შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ შეუცვლელი ფიგურაა.