ვოლგოგრადის „როტორი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის თურქეთში ემზადება და მორიგ ამხანაგურ მატჩში ყაზახური „აკტობე“ 2:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა მეორე ტაიმში ითამაშა და ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა.
ზურიკოს განცხადებით, მიზანი რუსეთის პრემიერლიგაში დარჩენაა და იმედოვნებს, რომ გუნდი ქვედა ლიგაში არ დაქვეითდება.
„უკვე მეორე შეკრებაზე ვართ. ძალიან რთული იყო, ბევრს ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ მესამე შეკრებაზე უფრო მეტ დროს ტაქტიკაზე მუშაობას დავუთმობთ. ჩვენი ამოცანა პრემიერლიგაში დარჩენაა, მაგრამ ძალა გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ ადგილს შევინარჩუნებთ“, - თქვა ზურიკომ.
შეგახსენებთ, „როტორს“ რუსეთის პრემიერლიგაში 19 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება. ვოლგოგრადელები 2021 წელს პირველ ოფიციალურ მატჩს 21 თებერვალს ჩაატარებენ და მეოცე ტურში სტუმრად „ტამბოვს“ დაუპირისპირდებიან.