ფეხბურთი

23:40 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი და მურთაზ დაუშვილის საოცარი საგოლე პასი კვიპროსში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა და მურთაზ დაუშვილმა საოცარი საგოლე პასი მიითვალა. 22-ე ტურში „ანორთოსისმა“ შინ „კარმიოტისა“ 2:1 დაამარცხა და ცხადია, ქართველებმა ამ მოგებაში დიდი როლი ითამაშეს.

თავიდანვე გეტყვით, რომ გიორგი ლორიამ და დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ქვილითაია მოედანზე 78-ე წუთამდე იყო, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. ქვილითაიამ მცველის დაუდევრობით ჩინებულად ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. 28-ე წუთზე ფამაგუსტელების უპირატესობა ორამდე ნიკოს კალტასმა გაზარდა, რომელსაც დაუშვილმა მართლაც, რომ ბრწყინვალე და შესაშური გადაცემა გაუკეთა და ბერძენმა ქართველს ასეთი მაგარი თამაში დაუფასა. მატჩის ბოლოს გიორგი ლორიას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჩვენებურმა ვერ აიღო, მაგრამ მასპინძლებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

აქვე გეტყვით, რომ ქვილითაიას უკვე 12 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის იბრძვის. იგივე შედეგი აქვთ ნიკოლა დიგუნსა და ბარაკ სადიკს, სეზონის ბოლოს საუკეთესოც ალბათ მათ შორის გამოვლინდება.

მატჩის შემდეგ გიორგი ლორიამ კვიპროსულ მედიასთან თამაში შეაფასა და კმაყოფილი არ დარჩენილა. ქართველმა მეკარემ აღნიშნა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს: „კარგად არ გვითამაშია, განსაკუთრებით დაცვაში. ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა მთავარია გავიმარჯვეთ. ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო თამაშზე ვიფიქროთ“.

თემურ ქეცბაიას გუნდს 22 ტურში 42 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ლიდერ ლიმასოლის „აპოლონს“ 5 ქულით ჩამორჩება. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს, ლარნაკაში, აეკ-თან გამართავენ.

0.119575