კალათბურთი

12:36 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-ს მილუტინოვი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა, მაიკ ჯეიმსი - დაუბრუნდა

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ გუნდის ლიდერი ნიკოლა მილუტინოვი დაკარგა. როგორც რუსული კლუბის ვებგვერდი იტყობინება, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ მიღებული ტრავმა მძიმე გამოდგა.

სერბ კალათბურთელს მარჯვენა მხრის სახსრის დაზიანება აღენიშნება და დიდი ალბათობით ოპერაცია დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რო მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. მოსკოვური გუნდისთვის, რომელიც ევროლიგის მოგებას უმიზნებს, მილუტინოვის დაკარგვა სერიოზული დანაკლისია. სერბი მიმდინარე სეზონში ევროლიგაში საშუალოდ 9.8 ქულას, 8.6 მოხსნას, 0.8 პასს, 0.4 ჩაჭრასა და 9.5 დაფარებას აგროვებდა.

სამაგიეროდ, ცსკა-მ თუ მილუტინოვი დაკარგა, მაიკ ჯეიმსი დაიბრუნა. როგორც ჩანს, კონფლიქტი ამოწურულია და ამერიკელი კალათბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს. მოგეხსენებათ, ჯეიმსს მთავარ მწვრთნელ დმიტრი იტუდისთან შელაპარაკება მოუვიდა და დღის წესრიგში მასთან კონტრაქტის გაწყვეტაც იდგა, მაგრამ ცსკა-მ საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჯეიმსი დღეიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდება და სეზონს მოსკოვურ გუნდში გააგრძელებს.

აქვე გეტყვით, რომ მოსკოვის ცსკა ევროლიგის რეგულარულ სეზონში 23 ტურის შემდეგ 16 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, VTB ლიგაშიც ასევე მეორე პოზიციას იკავებს (10 გამარჯვება, 2 მარცხი), უახლოეს შეხვედრას კი 1 თებერვალს „ზიელონა გორასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119012