სერია A-ს მეოცე ტურში „მილანმა“ სტუმრად „ბოლონიას“ 2:1 მოუგო და ბოლონიელთა მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. სერბი სპეციალისტის აზრით, „ბოლონიამ“ მეტოქეს აჯობა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომ ყოლოდათ, 3:0-ს მოიგებდნენ.
„საგოლე შანსები თამაშიდან შევქმენით, „მილანმა“ კი გოლები მხოლოდ პენალტების წყალობით გაიტანა. კმაყოფილი ვარ, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ და დონარუმა რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავი იყო. ჩვენ „მილანზე“ უკეთ ვითამაშეთ, თამაშით ვაჯობეთ გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში პირველია.
საგოლე მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა, როდესაც ძლიერ გუნდთან ასეთ ეპიზოდებს ვერ იყენებ, ის აუცილებლად დაგსჯის. „მილანი“ მხოლოდ იბრაჰიმოვიჩის წყალობით თამაშობდა და ზლატანს რომ ჩვენი მაისურით ეთამაშა, მარტივად, 3:0-ს გავიმარჯვებდით“, - თქვა მიხაილოვიჩმა.
აქვე გეტყვით, რომ 2020 წლის იანვარში, სანამ იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდებოდა, მისი დამატება სწორედ „ბოლონიას“ სურდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გარიგება არ შედგა და შვედმა „როსონერის“ მაისური მოირგო.