იტალიის სერია A-ში მეორე წრე დაიწყო და ფავორიტებმა პირველი ნაბიჯი წარმატებით გადადგეს. მილანურმა გრანდებმაც მოიგეს და „იუვენტუსაც“.
მეოცე ტურის მეორე სათამაშო დღე ბოლონიაში გაიხსნა, სადაც ადგილობრივ გუნდს ლიდერ „მილანისთვის“ ტოლი არაფერში დაუდია, უფრო მეტიც, უკეთაც გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც წააგო. სტეფანო პიოლის გუნდის ორივე გოლი პენალტის დამსახურებაა. სხვათა შორის, „მილანმა“ უკვე 15 პენალტი დაარტყა სერია A-ში და მეორე ადგილზე მყოფი გუნდის შედეგი მხოლოდ 5 პენალტია. ჯამში 61 პენალტია იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დანიშნული და აქედან 15 „როსონერის“ სასარგებლოდ. თუმცა, ცხადია, პენალტს გატანა უნდა, რაც სხვათა შორის, „ბოლონიასთან“ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვერ მოახერხა, მაგრამ მეკარის მოგერიებულს ანტე რებიჩმა დაამატა და ანგარიში გახსნა. იბრას რაც შეეხება, შვედი ბოლო დროს პენალტებს ძალიან ცუდად ასრულებს და ალბათ დროა, ეს კომპონენტი თანაგუნდელებს დაუთმოს. „ბოლონიასთან“ ზლატანი ასეც მოიქცა, როდესაც მეორე ტაიმში მისი მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ფრანკ კესის დაუთმო და კოტ დივუარელმა ძალზე დამაჯერებლად გაიტანა. სინიშა მიხაილოვიჩის „ბოლონიამ“ კი ბოლომდე იბრძოლა და ბოლოს ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მაინც დამარცხდა. სხვათა შორის, „მილანს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 საგარეო მატჩიდან 9 მოგებული აქვს (1 ფრე) და მესამე გუნდია, რომელმაც 10 მატჩში სტუმრად მსგავსი შედეგი დააფიქსირა („ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შემდეგ). პიოლის გუნდმა 46 ქულას მოუყარა თავი და ისევ ერთპიროვნული ლიდერია.
„მილანს“ კვალში „ინტერი“ უდგას, რომელმაც შინ „ბენევენტო“ როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან ადვილად დაამარცხა. რომელუ ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, ერთი ლაუტარო მარტონესმა გაიტანა, ხოლო ერთხელაც სტუმრებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს. ამრიგად, „ნერაძურიმ“ ივარჯიშა და აგრძელებს სკუდეტოსთვის ბრძოლას.
და ბოლოს, „იუვენტუსი“, რომელიც აშკარად მოფერიანდა. ყოველშემთხვევაში, იანვარში „იუვემ“ ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 8 მოიგო. ბოლო ოთხ თამაშში კი ტურინელებს სულაც გოლი არ გაუშვიათ. ანდრეა პირლოს გუნდმა ამჯერად სტუმრად კლაუდიო რანიერის „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა. მატჩის დასაწყისში ანგარიში ფედერიკო კიეზამ გახსნა, ხოლო მიწურულს აარონ რემზიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. „იუვენტუსს“ 39 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერამდე ჯერ ისევ 7 ქულაა, მაგრამ ტურინელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ცხადია, მათთვის, ესეც იმედია...
„ბოლონია“ – „მილანი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 რებიჩი (26), 0:2 კესი (55, პენ), 1:2 პოლი (81)
„სამპდორია“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 კიეზა (20), 0:2 რემზი (90)
„ინტერი“ – „ბოლონია“ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 იმპორტა (7, ა.გ), 2:0 ლაუტარო (57), 3:0 ლუკაკუ (67), 4:0 ლუკაკუ (79)