ფეხბურთი

23:56 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" "სან სიროზე" შოუ დადგა, "მილანი" ზამთრის ჩემპიონი გახდა

იტალიის სერია A-ს პირველი წრე ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ „მილანი“ ზამთრის ჩემპიონია. „როსონერიმ“ მე-19 ტური და პირველი წრე წაგებით დაასრულა, მიუხედავად ამისა, შანსი „ინტერმა“ გაანიავა, სხვა გუნდებს, რომლებიც კვირას ითამაშებენ, ლიდერების გადასწრების შანსი ამ ეტაპზე ნამდვილად არ აქვთ.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მილანი“ შინ „ატალანტას“ დაუპირისპირდა და ძალიან დაიჩაგრა. ალბათ, მიმდინარე სეზონში შავ-წითლებმა ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარეს, ან „ატალანტა“ ძალიან ძლიერია. თუმცა, ჩვენი აზრით, ორივე ფაქტორი იყო. ბერგამოელებს მართლაც მაგარი გუნდი ჰყავთ და ამ გუნდს მიმდინარე სეზონშიც დიდი მიზნები აქვს.

„მილანს“ შეტევაში არაფერი გამოსვლია, ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული და წინ გახედვის შესაძლებლობა არ მისცემია. ანგარიში არგენტინელმა მცველმა კრისტიან რომერომ გახსნა, ნაანტრაქტევს კი იოსიპ ილიჩიჩმა და დუვან ძაპატამ ანგარიშს სოლიდური სახე მისცეს. „მილანში“ მარიო მანჯუკიჩის დებიუტი შედგა, მაგრამ ხორვატმა ახალ გუნდს ვერაფრით უშველა. ჩრდილში იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩიც. მოკლედ, „ატალანტამ“ „სან სიროზე“ 3:0 მოიგო და სერიოზული განაცხადი გააკეთა.

„მილანმა“ პირველი წრე 43 ქულით დაასრულა და ზამთრის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა, რადგან „ინტერმა“ „ატალანტასგან“ ბოძებული შანსით ვერ ისარგებლა. ანტონიო კონტეს გუნდი უდინეში, „უდინეზეს“ ესტუმრა და „იუვენტუსთან“ ფეერიული გამარჯვების შემდეგ უფერულ ნულოვან ფრეს დასჯერდა. „ნერაძურიმ“ თანაქალაქელთან ჩამორჩენა ორ ქულამდე კი შეამცირა, მაგრამ ეს დიდად არაფერში წაადგა, ყოველშემთხვევაში ახლა.

სხვათა შორის, მე-19 ტურმა შეიძლება ყველაზე მეტად „იუვენტუსის“ წისქვილზე დაასხას წყალი, რადგან კვირას „ბოლონიას“ შინ თუ მოუგებს, გამოვა, რომ „მილანთან“ 3 და „ინტერთან“ 2 ქულით შეამცირებს სხვაობას და პრაქტიკულად დაბრუნდება სკუდეტოსთვის ბრძოლაში. თუმცა, ეს კვირას გამოჩნდება, მანამდე კი ჩვენი აზრით, ბერგამოს „ატალანტასგან“ მეორე წრეში სიურპრიზები მოსალოდნელია და ჯან პიერო გასპერინის გუნდისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, მათ შორის, სკუდეტოს ბრძოლაში აქტიურად ჩაბმაც.

შაბათს მე-19 ტურში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა: „რომა“ – „სპეცია“. ეს გუნდები 4 დღის წინ იტალიის თასზე შეხვდნენ და „სპეციამ“ რომში დამატებით დროში 4:2 მოიგო. „რომას“ ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალა, რადგან იმ მატჩში შეცვლების რაოდენობა ვერ დაითვალეს და 6 მოთამაშე შეცვალეს, რითაც რეგლამენტი დაარღვიეს. ამჯერად კი, სტადიო ოლიმპიკოზე დიდი ბრძოლა გაიმართა.

„რომა“ მეორე ტაიმის დასაწყისში 3:1 დაწინაურდა და გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ „სპეციამ“ ბოლომდე იბრძოლა და იმდენი ქნა, რომ 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ლორენცო პელეგრინის გოლით რომაელებმა მაინც მოიგეს (4:3) და 37 ქულას მოუყარეს თავი, რის შედეგადაც ლიდერ „მილანთან“ ჩამორჩენა 6 ქულამდე შემცირდა.

ლიდერებიდან კვირას მხოლოდ „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ ითამაშებენ. ნეაპოლელები „ვერონას“ ესტუმრებიან, ხოლო „იუვე“ როგორც უკვე ვთქვით, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

„რომა“ – „სპეცია“ 4:3 (1:1)

გოლები: 1:0 ბორხა მაიორალი (17),1:1 პიკოლი (24), 2:1 ბორხა მაიორალი (52), 3:1 კარსდორპი (55), 3:2 ფარიასი (59), 3:3 ვერდე (90), 4:3 პელეგრინი (90)

„მილანი“ – „ატალანტა“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 რომერო (26), 0:2 ილიჩიჩი (53, პენ), 0:3 ძაპატა (77)

„უდინეზე“ – „ინტერი“ 0:0 (0:0)

0.272598