სასიამოვნოდ მოულოდნელი გამოდგა ყატარის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა საკმაოდ იოლად – 97:75 დაამარცხა ალ არაბი და ფინალში გავიდა. მოულოდნელობა ის გახლდათ, რომ ალ არაბიმ რეგულარული ჩემპიონატი ბერიშვილის გუნდზე მაღალ საფეხურზე, მეორე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალშიც ფავორიტად ითვლებოდა. ალ შამალის ასეთ იოლ გამარჯვებას კი ალბათ ბევრი არ ელოდა.
შეხვედრა ალშამალელთათვის იმდენად კომფორტულად წარიმართა, რომ მწვრთნელს ბერიშვილი დიდად არ დაუტვირთავს და მან მოედანზე მხოლოდ 25:17 წუთი გაატარა (როგორც წესი, შეუცვლელად თამაშობს ხოლმე), თუმცა, ჩვენებურს ორმაგი დუბლის შესასრულებლად ეს დროც ეყო. ბერიშვილმა 6-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 19 ქულას 10 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ფორვარდს ბურთი არ დუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო, სარგებლიანობის კოეფიციენტის (24) მხრივ კი, მხოლოდ ვაელ არკაჯის (32) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. სათქმელია ისიც, რომ ბერიშვილის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 26 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ცნობილია, რომ ფინალში ალ შამალის მეტოქე ალ გარაფა იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ალ სადს 89:77 სძლია, პლეი-ოფამდე კი მხოლოდ 1 მარცხით მივიდა, ამდენად, საჩემპიონო დაპირისპირების ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. ფინალური შეხვედრა კვირას, 24 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.