ფიფამ კიდევ ერთხელ, ამჯერად ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ევროპის სუპერლიგის შექმნას მხარს არ უჭერს. უფრო მეტიც, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ უეფასთან და მათ დაქვემდებარებაში მყოფ ხუთ კონფედერაციასთან ერთად კლუბებსა და ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კლუბები და ფეხბურთელები, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ, ფიფას, უეფას და კიდევ ხუთი კონფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
"ფიფა, და ექვსი კონფედერაცია (უეფა, კონმებოლი, კონკაკაფი, აფრიკის კონფედერაცია, აზიის კონფედერაცია, ოკეანიის კონფედერაცია) კიდევ ერთხელ იმეორებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტურნირი არ იქნება აღიარებული ფიფას და არც შესაბამისი კონფედერაციების მიერ. ნებისმიერ კლუბს ან მოთამაშეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ასეთ შეჯიბრში, აეკრძალება მონაწილეობა მიიღოს ფიფას ან კონფედერაციების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ შეჯიბრში.
ფიფას და კონფედერაციების წესდების თანახმად, ყველა ტურნირი უნდა იყოს ორგანიზებული ან აღიარებული შესაბამისი ორგანოს მიერ შესაბამის დონეზე. ფიფას მიერ გლობალურ და კონფედერაციების მიერ კონტინენტურ დონეზე. ამ კუთხით კონფედერაციები აღიარებენ ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ამჟამინდელ და ახალ ფორმატს, როგორც ერთადერთ ტურნირს მსოფლიოში და ფიფა აღიარებს კონფედერაციების საკლუბო კონტინენტურ ტურნირებს.
სპორტული მიღწევები, სოლიდარობა, დაწინაურება და დაქვეითება, სუბსიდირების უნივერსალური პრინციპები საფეხბურთო პირამიდის საფუძველია, რომელიც უზრუნველყოფს ფეხბურთის გლობალურ წარმატებას და ფიფას და კონფედერაციების წესდებაშია ჩანიშნული. ამ პრინციპების წყალობით ფეხბურთს ხანგრძლივი და წარმატებული ისტორია აქვს. გლობალურ და კონტინენტურ ტურნირებში მონაწილეობის უფლბა ყოველთვის მოედანზე უნდა იყოს მიღებული“, - წერია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.
ფიფას ვეგბვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს აწერენ:
ჯანი ინფანტინო (ფიფას პრეზიდენტი), ალექსანდერ ჩეფერინი (უეფას პრეზიდენტი), ვიტორიო მონტალიანი (კონკაკაფის პრეზიდენტი), ალეხანდრო დომინგესი (კონმებოლის პრეზიდენტი), შეიხ სალმან ბინ ებრაჰიმ ალ ხალიფა (აზიის კონფედერაციის პრეზიდენტი). კონსტანტ ომარი (აფრიკის კონფედერაციის პრეზიდენტი და ლამებრტ მელტოკი (ოკეანიის კონფედერაციის პრეზიდენტი).
ევროპის სუპერლიგის შექმნას ევროპული გრანდები ლამობენ და მათი სურვილია, რომ ტურნირში მხოლოდ გრანდებმა მიიღონ მონაწილეობა, რაც ცხადია, დიდძალი ფინანსური სარგებლისა და შემოსავლის საწინდარია და მხარსაც ამიტომ უჭერენ. ამ თემაზე სასაუბრობ, „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი „იუვენტუსის“ და ამავდროულად ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ტურინშიც ეწვია.