„მილანის“ ოფიციალურ ვებგვერდს მარიო მანჯუკიჩი ესაუბრა და კლუბში მიზნებსა და ამბიციებზე კომენტარი გააკეთა. როგორც ხორვატმა ფორვარდმა განაცხადა, მიუხედავად უთამაშებლობისა, ვვარჯიშობდა და ფორმაში შესვლა არ გაუჭირდება.
34 წლის ხორვატი შემტევი ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც საუბრობს, რომელსაც ცხოველი უწოდა და იმედოვნებს, რომ თვითონაც ცხოველი იქნება.
„მთავარია, რომ ეს ისტორიული კლუბია, რომელიც ჩემს ამბიციებს სრულად აკმაყოფიელბს. ბევრი ვიშრომე, რათა ასეთი კლუბის წინადადება დამემსახურებუნა. ბოლო პერიოდში ბევრს ვვარჯიშობდი, რომ დავბრუნებულიყავი ტიტულებისთვის ბრძოლაში, ამიტომაც, „მილანში“ ჩემს ფორმაზე არ უნდა ინერვიულონ. კიაერი? შესანინავი ბიჭია და მოხარული ვარ, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს (ისინი „ვოლფსბურგში“ თანაგუნდელები იყვნენ - რედ). თავისი თამაში დაცვის მთავარი საყრდენი გახდა.
იბრაჰიმოვიჩს პატარაობიდანვე ვუყურებდი და ახლაც. მიხარია, რომ ერთად ვითამაშებთ. ჩვენ ორივეს გამარჯვებების მოპოვება გვინდა და მშიერები ვართ. ის ჯერ კიდევ ცხოველია და ვეცდები, მეც ვიყო. ვფიქრობ, ერთად კარგ დუეტს შევქმნით.
ფეხბურთს სწორედ იმისთვის ვთამაშობთ, რომ საუკეთესოები ვიყოთ. „მილანის“ ისტორია წარმოუდგენელია, იმდენი ჩემპიონი თამაშობდა, რომ ყველას გახსენება შეუძლებელია და მოუთმენლად ველოდები მოედანზე გასვლას. ყველგან ერთ დაპირებას ვიძლეოდი: ყველა მატჩში ყველაფერს გავიღებ, ყოველთვის ასე იყო. ვეცდები, რომ „მილანის“ ფერები ყველა მატჩში დავიცვა“, - თქვა მანჯუკიჩმა.
ხორვატი ფორვარდი ბოლოს ყატარულ „ალ-დუჰაილში“ თამაშობდა (10 მატჩი, 2 გოლი), რომელიც გასულ ზაფხულს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. საინტერესოა, რომ ის მაურიციო სარიმ „იუვენტუსის“ შემადგენლობიდან 2019 წლის ზაფხულში მოკვეთა, შედეგად, ბოლო წელიწადნახევარში მარიოს ანგარიშზე მხოლოდ 10 თამაშია და ამდენად, ძნელი სათქმელია, რამდენად ოპტიმალურ ფორმაშია.
მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015-2019 წლებში ტიფოზების ფავორიტი ფეხბურთელი იყო და შავ-თეთრი მაისურით 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა. ტურინული გრანდისა და ყატარული გუნდის გარდა, ხორვატს ზაგრების „დინამოში“, „ვოლფსბურგში“, „ბაიერნსა“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ უთამაშია.