ფეხბურთი

22:06 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩმა "მილანში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა მილანში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ "როსონერის" ღირსებას დაიცავს. 34 წლის შემტევი ახალ გუნდთან კონტრაქტს ხვალ ოფიციალურად გააფორებს.

იტალიური მედიის ცნობით, მარიო "მილანს" მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდება, მაგრამ ხელშეკრულების 1 წლით განახლების პუნქტი კონტრაქტში ჩაიდება.

ხორვატი ფორვარდი ბოლოს ყატარულ „ალ-დუჰაილში“ თამაშობდა (10 მატჩი, 2 გოლი), რომელიც გასულ ზაფხულს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. საინტერესოა, რომ ის მაურიციო სარიმ „იუვენტუსის“ შემადგენლობიდან 2019 წლის ზაფხულში მოკვეთა, შედეგად, ბოლო წელიწადნახევარში მარიოს ანგარიშზე მხოლოდ 10 თამაშია და ამდენად, ძნელი სათქმელია, რამდენად ოპტიმალურ ფორმაშია.

მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015-2019 წლებში ტიფოზების ფავორიტი ფეხბურთელი იყო და შავ-თეთრი მაისურით 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა. ტურინული გრანდისა და ყატარული გუნდის გარდა, ხორვატს ზაგრების „დინამოში“, „ვოლფსბურგში“, „ბაიერნსა“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ უთამაშია.

0.112718