ხორვატიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „მილანში“ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი უკვე დაიხურა და 34 წლის თავდამსხმელი ხვალ მილანში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.
მანჯუკიჩი „მილანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და თავდაპირველად 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, მაგრამ მხარეებს ზაფხულში მისი 1 წლით გახანგრძლივების უფლებაც ექნებათ, რაც სხვადასხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.
ხორვატი ფორვარდი ბოლოს ყატარულ „ალ-დუჰაილში“ თამაშობდა (10 მატჩი, 2 გოლი), რომელიც გასულ ზაფხულს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. საინტერესოა, რომ ის მაურიციო სარიმ „იუვენტუსის“ შემადგენლობიდან 2019 წლის ზაფხულში მოკვეთა, შედეგად, ბოლო წელიწადნახევარში მარიოს ანგარიშზე მხოლოდ 10 თამაშია და ამდენად, ძნელი სათქმელია, რამდენად ოპტიმალურ ფორმაშია.
მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015-2019 წლებში ტიფოზების ფავორიტი ფეხბურთელი იყო და შავ-თეთრი მაისურით 162 მატჩში 44 გოლი გაიტანა. ტურინული გრანდისა და ყატარული გუნდის გარდა, ხორვატს ზაგრების „დინამოში“, „ვოლფსბურგში“, „ბაიერნსა“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ უთამაშია.