„არსენალის“ თურქული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ იოზილი, „ფენერბახჩეს“ ფეხბურთელი გახდება - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა. სტამბოლელები უახლოეს ხანში გამოაცხადებენ გარიგების შესახებ.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი „ფენერბახჩესთან“ კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
იოზილმა „მეთოფეებთან“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის თაობაზე. საქმე ის არის, რომ წესის მიხედვით, ხელშეკრულების დარჩენილ დროში მესუთს ხელფასის სახით კიდევ 7,8 მილიონი ევრო უნდა მიეღო. „არსენალის“ ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ ცენტსაც არ გადაიხდიდა თუ იოზილი თურქულ კლუბში გადავიდოდა. ბოლოს მესუთმა უარი თქვა ამ თანხის მიღებაზე და კლუბის ზამთარში დატოვების უფლება მიიღო
მესუთის კონტრაქტს „არსენალთან“ ვადა წლეულს ზაფხულში ეწურება. მისი ხელფასი კი კვირაში 395 ათასი ევრო გახლდათ. ის ლონდონური კლუბის მაისურით 2013 წლიდან თამაშობდა. თუმცა 2020 წლის მარტის შემდეგ მინდორზე აღარ გამოჩენილა. მიმდინარე სეზონის დასაწყისში კი ის განაცხადშიც არ შეიყვანეს.