ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ „დერბი ქაუნთის“ ვებგვერდი იტყობინება.
რუნი ბოლო ხანს „დერბის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, მაგრამ ამიერიდან მხოლოდ მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უეინის საფეხბურთო კარიერა, რომელიც ლივერპულის „ევერტონში“ დაიწყო, დასრულებულა.
რუნი „ევერტონში“ 200-2004 და 2017-2018 წლებში თამაშობდა და ლივერპულურ გუნდში 117 მატჩში 28 გოლი გაიტანა. ინგლისელმა 2004-2017 წლებში კარიერის საუკეთესო პერიოდი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც 559 შეხვედრაში 253 გოლი გაიტანა. 2018-2019 წლებში ამერიკულ „დი სი იუნაიტედში“ 52 თამაშში თავი 25-ჯერ გამოიჩინა, ხოლო „დერბიში“ 35 შეხვედრაში 7 გოლი მიითვალა.
ინგლისის ნაკრებში უეინმა 2003-2018 წლებში 120 თამაშში მეტოქეთა კარში 53 გოლი აქვს გატანილი. რუნი 5-ჯერ ინგლისის ჩემპიონი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი, 4-ჯერ ინგლისის სუპერთასი და თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.