გერმანიის თასის მიმდინარე გათამაშებაში დიდი სენსაცია დაფიქსირდა და მოქმედი ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ ასპარეზობას 1/16 ფინალში გამოეთიშა.
ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „ჰოლშტეინ კილს“ ესტუმრა და მოულოდნელად მარცხი განიცადა. არადა, „რეკორდმაისტერს“ გადახალისებული შემადგენლობით სულაც არ უთამაშია და თვალშისაცემი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის არყოფნა იყო, მაგრამ მეორე ტაიმში პოლონელიც მოედანზე გახლდათ.
„ბაიერნი“ სერჟ გნაბრიმ დასაწყისშივე დააწინაურა, მაგრამ ბარელსის გოლით წონასწორობა მალევე აღდგა. მეორე ნახევრის დაწყება და ლეროი სანეს გოლი ერთი იყო და სტუმრები ისევ წინ გავიდნენ. „ბაიერნს“ მერვედფინალის საგზური ჯიბიდან ბოლო წუთზე ამოაცალეს - 2:2. დაინიშნა ჯერ დამატებით დრო, რომელშიც გოლი არ გასულა და შემდეგ პენალტების სერია.
იქ, მანუელ ნოიერს 6 პენალტი დაურტყეს და ექვსივე გაუტანეს, ხოლო მარკ როკა „ბაიერნის“ მხრიდან ვერ გაიტანა და უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეკორდმაისტერი“ სეზონს ტრებლით ვეღა დაასრულებს. „ბაიერნი“ 1/16 ფინალში მეორე ბუნდესლიგის ბინადარმა „კილმა“ გერმანიის თასიდან გააგდო...
„ჰოლშტეინ კილი“ – „ბაიერნი 2:2 პენ: 6:5
გოლები: 0:1 გნაბრი (14), 1:1 ბარელსი (37), 1:2 სანე (48), 2:2 ვალი (90)