რაგბი

10:48 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები: ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა

ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა და ეს მოვლენა ლელოთი აღნიშნა. პრო დე2-ში თავისი მესამე ლელო გაიტანა ბურჯმა გურამ პაპიძემ.

‘მონპელიემ’ გასულ კვირაში ორი შეხვედრა გამართა. ‘ლიონთან’ მე-7 ტურის გადადებულ მატჩში, სამი ქართველი ლეგიონერი ძირითადში იყო – მიხეილ ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და გელა აფრასიძე. ჩილაჩავამ 33-ე წუთზე რაქიდან შეუტია და ლელო გაიტანა, რომელიც აფრასიძემ გარდასახა. ლევანმა მოედანზე 60 წუთი გაატარა, ნარიაშვილმა – 40, ხოლო გელამ სრულად ითამაშა. ‘ლიონმა’ შეხვედრა 24:20 მოიგო.

მე-14 ტურში ‘მონპელიე’ უკვე ‘ბრივს’ ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ 19:0 ამარცხებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 22:23 დამარცხდა. სტუმართა შორის 51-ე წუთიდან ითამაშა ნარიაშვილმა.

ბრივის’ სასტარტოში ორი ქართველი ლეგიონერი იყო. ვასილ ლობჟანიძე 47-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მატჩის მიწურულს მოედანზე მოუწია დაბრუნება. 61 წუთი ითამაშა ლუკა ჯაფარიძემ.

‘ლიონთან’ 31:9 მოგებულ მატჩში ‘ბორდოს’ რიგებში 50-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. მისმა გუნდმა ბონუსიც აიღო.

‘ტულუზთან’ სტუმრად 24:48 დამარცხდა ‘სტად ფრანსე’, რომლის რიგებში ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა. ვასილ კაკოვინი შეცვლაზე 39-ე წუთზე შევიდა, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

პრო დე2-ის მე-15 ტურში ერთი შეხვედრა გადაიდო, დანარჩენი შვიდი მატჩიდან ექვსში კი, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

‘კოლომიემ’ ‘ვანს’ უმასპინძლა, 13-ქულიანი უპირატესობა მეორე ტაიმში გაანიავა და 19:20 დამარცხდა. ბექა შეყლაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე შეცვალეს.

‘ოიონა’ საკუთარ მოედანზე ‘გრენობლთან’ 27:35 დამარცხდა. მასპინძლთა შორის შეცვლაზე შევიდნენ ბექა კაკაბაძე და ირაკლი მირცხულავა. ბექას თამაშში ჩართვა მე-8 წუთიდან მოუწია, ირაკლიმ კი ორივე ტაიმის მიწურულს 10-10 წუთი ითამაშა. ‘გრენობლის’ ძირითადში იყო ილია კაიკაციშვილი და ის 53-ე წუთზე შეცვალეს.

საკუთარ მოედანზე ‘მონ-დე-მარსანთან’ 20:27 დამარცხდა ‘ანგულემი’, რომლის ძირითად შემადგენლობაში ლუკა გოგინავა იყო და მან 64 წუთი ითამაშა, ხოლო ზაურ თევდორაშვილი შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა.

‘ბიარიცმა’ ‘ვალანსს’ ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა, მაგრამ 29:31 დამარცხდა. მასპინძლებმა ორი ბონუს-ქულა აიღეს – სამით მეტი ლელოს გატანისთის და მცირედი სხვაობით მარცხისთვის. მასპინძელთა ძირითადში ორი ქართველი ბურჯი იყო. უშანგი ჭეიშვილმა მოედანზე 40 წუთი გაატარა, გიორგი ნუცუბიძემ 54 და მის ნაცვლად შეცვლაზე ლუკა აზარიაშვილი შევიდა. სტუმართა რიგებში პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა.

‘რუანი’ ერთადერთი მასპინძელია, რომელმაც პრო დე2-ის მე-15 ტურში გამარჯვება მოიპოვა – ‘ორიაკს’ 20:14 სძლია. გამარჯვებულთა შორის მე-60 წუთიდან ითამაშა კარლენ ასიეშვილმა, ხოლო თამაზ მჭედლიძე შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა. ‘ორიაკის’ რიგებში პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ. გიორგი ჯავახია შეცვლაზე 51-ე, ხოლო ჯემალ შათირიშვილი 56-ე წუთზე შევიდა.

‘ნევერის’ ბურჯმა გურამ პაპიძემ მიმდინარე სეზონში მესამე ლელო გაიტანა. ამჯერად მისი ლელო ‘ბეზიესთან’ გადამწყვეტი აღმოჩნდა სტუმრებმა 30:25 მოიგეს. პაპიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლელო 55-ე წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც შეცვალეს.

‘პროვანსთან’ სტუმრად 41:34 მოგებულ მატჩში, ‘პერპინიანის’ ძირითად შემადგენლობაში იყო დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც 64-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა.

rugby.ge

0.117093