„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გიორგის ტურში ყველაზე მეტი მოპოვებული ქულა აღმოაჩნდა - 28.
„გიპუზკოასთან“ ჩვენებურს საოცარი თამაში ჰქონდა - 28 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, თუმცა მისი გუნდი გათამაშების აუტსაიდერთან 87:89 ბოლო წამზე მიღებული სამქულიანით დამარცხდა. არადა, იქამდე 2 წამით ადრე სწორედ შერმადინის ორქულიანით დაწინაურდა (87:86) და გამარჯვებასთან ძალზე ახლოს იყო.
სხვათა შორის, ქართველი ცენტრი ტურის MVP-ის ტიტულის მოგების მთავარი კანდიდატია, რადგან მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქვს (33), უბრალოდ ჯერ მე-19 ტურში ყველა თამაში არ ჩატარებულა.
აქვე გეტყვით, რომ სიმბოლურ ხუთეულში გიორგის გარდა ვალტერ ტავარეში, ნიკ კალატესი, ალბერტო აბალდე და დეიან კრავიჩი მოხვდნენ.