ლუკა გუგეშაშვილი „იაგელონიაში“ დაბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ამის შესახებ პოლონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. ქართველი მეკარე კლუბს თურქულ შეკრებაზე ბელეკში შეუერთდა და სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება.
„ლუკა ჩვენი ფეხბურთელია და გვსურს ვნახოთ, რა პროგრესი განიცადა ბოლო იჯარის დროს, როდესაც წარმატებით დაიცვა გორის „დილას“ ღირსება. მოსამზადებელი ეტაპი იდეალური შესაძლებლობა იქნება მისი უნარების შესაფასებლად“, - თქვა პოლონური გუნდის მეკარეების მწვრთნელმა იაროსლავ ტკოჩმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა გუგეშაშვილის სატრანსფერო უფლებები „იაგელონიას“ ეკუთვნის, მაგრამ ბოლო პერიოდში იჯარით გორის „დილასა“ და ესპანურ „გრანადაში“ თამაშობდა.
„დილაში“ მან 2017-2018 წლებში 34 მატჩი ჩაატარა, შემდეგ ესპანეთში გადავიდა, სადაც მეორე გუნდში 5-ჯერ ითამაშა, ხოლო ეროვნული ლიგის გასულ სეზონში ისევ „დილაში“ გაისარჯა და 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.