საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნულ პოსტს სერბი დეიან სტანოევიჩი დაიკავებს. მან რევაზ ჩომახიძე შეცვალა და კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.
სერბული მედიის ცნობით ის პარალელურად „დინამო თბილისსაც“ ჩაიბარებს, რომელსაც ბოლო პერიოდში ზუკა რურუა ავარჯიშებდა.
საქართველოს ნაკრები 2 დღეში ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც თებერვალში როტერდამში გაიმართება.
სტანოევიჩი წლების განმავლობაში „ვოივოდინაში“ თამაშობდა. რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, სერბეთის ნაკრების მწვრთნელი ასისტენტი იყო. ასევე უმუშავია სერბეთის 20-წლამდე ნაკრებში, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოაგებინა. 2014-2018 წლებში რუმინეთის ნაკრებს უდგა სათავეში. ხოლო ბოლო 2 წელი ყაზახეთის ნაკრებში მუშაობდა.
აქვე გეტყვით, რომ რევაზ ჩომახიძე საქართველოს 15-წლამდე ნაკრებს ჩაიბარებს.