იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ახლოსაა იტალიის ნაკრების ისტორიაში დებიუტში ზედიზედ მოგებული მატჩების მიხედვით რეკორდსმენი გახდეს. ამისთვის მას ხორვატიის და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამარჯვებები სჭირდება.
აქამდე საუკეთესო შედეგები ედმონდო ფაბრის და აძელიო ვიჩინის აქვთ. ორივე სპეციალისტმა “აძურას” მესაჭის რანგში პირველი 5 შეხვედრის მოგება შეძლო. ფაბრის თაოსნობით აპენინელებმა 1962 წლის ნოემბრიდან 1963 წლის ივნისამდე ორ-ორჯერ დაამარცხეს ავსტრიის და თურქეთის ნაკრებები, ერთხელ კი ბრაზილიის ნაკრებს მოუგეს.
აძელიო ვიჩინის იტალიის ნაკრებმა კი 1986 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ზედიზედ ხუთი სასტარტო მატჩი მოიგო საბერძნეთის, შვეიცარიის, მალტის და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ (პირენელებთან ორი შეხვედრა).
ანტონიო კონტეს ამ ეტაპისთვის “სკუადრა აძურას” სათავეში 4 შეხვედრიდან 4 აქვს მოგებული და თუ იტალია ხორვატიასთანაც მოიპოვებს გამარჯვებას, კონტე ფაბრის და ვიჩინის რეკორდს გაიმეორებს, ხოლო ბალკანელების შემდეგ, ალბანეთთანაც წარმატებული თამაშის შემთხვევაში, პულიელი სპეციალისტი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება.