ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლოა ფრენკ ლამპარდი დაითხოვონ. The Atletic-ის ცნობით, ინგლისელი სპეციალისტის სკამი ბოლო პერიოდში წარუმატებელი შედეგების შემდეგ შეირყა.
„არისტოკრატებმა“ ზაფხულში მნიშვნელოვანია ინვესტიცია განახორციელეს და შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერეს, ლონდონელებმა სეზონიც კარგად დაიწყეს, მაგრამ დეკემბრიდან მოყოლებული ვითარება დამძიმდა.
„ჩელსიმ“ ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და ოთხჯერ დამარცხდა. შედეგად, ინგლისური გუნდი მერვე ადგილამდე დაქვეითდა და სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, მაგრამ ეს „ჩელსის“ მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას არ აძლევს.
როგორც ბრიტანული მედია წერს, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა, მაგრამ კონკრეტული გვარები არ დასახელებულა. შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდმა „ჩელსი“ 2019 წლის ზაფხულში ჩაიბარა, მანამდე ახალგაზრდა ინგლისელ სპეციალისტს „დერბი ქაუნთიში“ უმუშავია.