ფეხბურთი

3:32 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A - ლიდერებმა 2021 წელი უშეცდომოდ დაიწყეს

იტალიის სერია A-ში 10-დღიანი პაუზა დასრულდა და 2021 წელს პირველი, სეზონში კი მე-15 ტური გაიმართა, რომელმაც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ყველაფერი უცვლელი დატოვა, რადგან ლიდერებმა ახალი წელი გამარჯვებებით დაიწყეს.

„მილანს“ სერია A-ში 27 მატჩია არ წაუგია და მორიგი 3 ქულა ბენევენტოში მოიპოვა, სადაც ფილიპო ინძაგის გაწვრთნის გუნდს დამაჯერებლად მოუგო. არადა, „როსონერიმ“ 1 საათი რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა სანდრო ტონალის გაძევების გამო. ისე კი, მილანური გრანდი ბევრჯერ გადაურჩა გოლს, შესანიშნავი იყო ჯანლუიჯი დონარუმა, ჯანლუკა კაპრარიმ კი პენალტი კარს ააცილა. შეტევაში „მილანმა“ ორჯერ ბურთი ძელს მოარტყა, ორჯერ კი გაიტანა. ორჯერვე მეტოქის დაუდევარი შეცდომებით. ჯერ ბურთის გათამაშებისას საკუთარ საჯარიმოში იმდენი გააკეთეს, სანამ პენალტი არ აიკიდეს და ფრანკ კესიმ ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მეკარე კარიდან გამოვარდა და რაფაელ ლეაომ შედევრი შექმნა - ბურთი თავზე გადაუგდო. „მილანმა“ დამსახურებულად მოიგო და ყველას ისევ ზემოდან დაჰყურებს. „ინტერთან“ უპირატესობა კი მინიმალურია - 1 ქულა. წინ სტეფანო პიოლის გუნდს რთული მატჩი აქვს, 6 იანვარს, „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

„ინტერმა“ 2021 წელი ფეერიულად დაიწყო და „კროტონე“ 6:2 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ლაუტარო მარტინესმა და „ნერაძურის“ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ისე, ყველაფერი ასე მშვიდად არ ყოფილა ანტონიო კონტეს გუნდისთვის, თავიდან აგებდა, 57-ე წუთამდე კი სულაც 2:2 ეწერა ტაბლოზე. აი, ბოლო ნახევარ საათში გაილაღა მილანურმა გრანდმა და ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკუდეტოსკენაა შემართული. მითუფრო სხვა საზრუნავი ამ სეზონში არც აქვს - ევროთასებს სამარცხვინოდ გამოეთიშა.

„იუვენტუსმა“ 2020 წელი „ფიორენტინასთან“ კოშმარული წაგებით დახურა და 2021 წელიც არ დაუწყია ფეერიულად, თამაშის თვალსაზრისით. ანდრეა პირლოს გუნდს დაცვაში ბევრი პრობლემა შეუქმნა სუსტმა „უდინეზემ“ და ანგარიში საერთოდ არ ასახავს იმას, რაც მინდორზე ხდებოდა. თუმცა, ფაქტს ვერ გავექცევით, „ბიანკონერიმ“ 4:1 მოიგო და ხასიათი ოდნავ გამოიკეთა, თუმცაღა კონკურენტებთან ჩამორჩენა საერთოდ ვერ შეამცირა, რადგან ყველამ მოიგო. კონკურენტებში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებლებს ვგულისხმობთ, თორემ მილანურ გუნდებამდე ჯერ ძალიან შორია. შესაძლოა, სამ დღეში „მილანთან“ თამაში სკუდეტოს საკითხში გადამწყვეტ-გარდამტეხიც აღმოჩნდეს. „უდინეზესთან“ კი კრიშტიანუ რონალდუ იყო შეუდარებელი, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა.

ბერგამოს „ატალანტა“ კვლავ დაფრინავს და აქამდე ოთხეულში მყოფი „სასუოლო“ გააცამტვერა - 5:1. მიუხედავად, მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინსა და პაპუ გომესსა შორის მომხდარი კონფლიქტისა, ლომბარდიული გუნდი აგრძელებს შესანიშნავად თამაშს და ოთხეულს უტევს, თუმცა, ჯერ იქ არ იმყოფება.

„რომამ“ გენუის „სამპდორიასთან“ მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო ედინ ჯეკოს გოლით და მესამე პოზიცია შეინარჩუნა. „ჯალოროსის“ კუდში მიჰყვება „ნაპოლი“, რომელმაც სამმატჩიანი მოუგებელი სერია სარდინიაზე „კალიარისთან“ გასეირნებით დაასრულა - 4:1 და 2021 წელი იდეალურად დაიწყო.

სერია A-ს მე-16 ტური სულ მალე, 6 იანვარს გველოდება. მთავარი თამაში კი „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის „სან სიროზე“ გაიმართება.

„ინტერი“ – „კროტონე“ 6:2 (2:2)

გოლები: 0:1 ძანელატო (12), 1:1 ლაუტარო (20), 2:1 მარონე (31, ა.გ), 2:2 გოლემიცი (36, პენ), 3:2 ლაუტარო (57), 4:2 ლუკაკუ (64), 5:2 ლაუტარო (78), 6:2 ჰაკიმი (87)

„ატალანტა“ – „სასუოლო“ 5:1 (2:0)

გოლები: 1:0 ძაპატა (11), 2:0 პესინა (45), 3:0 ძაპატა (49), 4:0 გოსენსი (57), 5:0 მურიელი (67), 5:1 კირიკეში (75)

„კალიარი“ – „ნაპოლი“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ზიელინსკი (25), 1:1 ჟოაო პედრო (60), 1:2 ზიელინსკი (62), 1:3 ლოსანო (74), 1:4 ინსინიე (86, პენ)

„ფიორენტინა“ – „ბოლონია“ 0:0 (0:0)

„ჯენოა“ – „ლაციო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 იმობოლე (15, პენ), 1:1 დესტრო (58)

„პარმა“ – „ტორინო“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 სინგო (8), 0:2 იცო (88), 0:3 გოიაკი (90)

„რომა“ – „სამპდორია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჯეკო (72)

„სპეცია“ – „ვერონა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ძაკანი (75)

„ბენევენტო“ – „მილანი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კესი (15, პენ), 0:2 ლეაო (49)

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (31), 2:0 კიეზა (49), 3:0 რონალდუ (70), 3:1 ზეგელაარი (90), 4:1 დიბალა (90)

თეგებისერია A
0.254901