ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „მილანის“ მარცხენა მცველის ტეო ერნანდესის შესახებ ისაუბრა. კაპელოს აზრით, „რეალმა“ მისი გაყიდვით ზუსტად იგივე შეცდომა დაუშვა, რაც თავის დროზე მილანის „ინტერმა“, როდესაც რობერტო კარლოსი სწორედ „რეალში“ გაყიდა.
„ამჯერად „რეალმა“ იგივე შეცდომა დაუშვა, რომელიც“ინტერმა“ დაუშვა რობერტო კარლოსის შემთხვევაში, როდესაც ბრაზილიელი „რეალში“ წავიყვანე. მაშინ გამიკვირდა, რომ „ინტერს“ მისი გაყიდვა სურდა, ვფიქრობ, რომ ეს იყო ისტორიაში ყველაზე სწრაფი ტრანსფერი. 24 საათზე ნაკლებ დროში მე ის ვიყიდე და ხელშეკრულება გავაფორმეთ. მადრიდის „რეალმა“ იგივე შეცდომა დაუშვა, რაც „ინტერმა“ მაშინ ბრაზილიელის შემთხვევაში. მადრიდში არ გაითვალისწინეს ტეოს სისწრაფე, სიჩქარე და გოლების გატანის უნარი, ეგონათ, რომ გოლების გატანა არ იცოდა, გარდა იმისა, რომ მისი განვითარების შესაძლებლობაც არ გაითვალისწინეს. ტეო ძალიან ძლიერი მოთამაშეა“, - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, ტეო ერნანდესი მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ იჯარით „ალავესში“ ითამაშა (38 მატჩი, 2 გოლი), 2017-2018 წლების სეზონი „რეალში“ გაატარა და 23 უგოლო თამაში ჩაატარა, ხოლო 2018-2019 წლების სეზონში იჯარით „სოსიედადში“ იყო (28 მატჩი, 1 გოლი).
„რეალმა“ ფრანგი 2019 წელს „მილანში“ გაასხვისა და იტალიურ კლუბში გაბრწყინება შეძლო, გუნდის ლიდერად უმალვე იქცა. ტეომ „როსონერიში“ დღემდე 56 მატჩში 11 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ის კახა კალაძის შემდეგ „მილანის“ პირველი მცველი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში სერია A-ში 4-ზე მეტი გოლი გაიტანა. ტეოს საფრანგეთის ნაკრებში არასდროს უთამაშია.
რაც შეეხება რობერტო კარლოსს, ბრაზილიელი „ინტერმა“ (35 მატჩი, 7 გოლი) 1996 წელს მადრიდის „რეალს“ დაუთმო და შემდეგ „სამეფო კლუბში“ მან ისტორიის დაწერა მოახერხა (527 მატჩი, 68 გოლი).