2020 წელი თუ ვინმესთვის იყო წარმატებული, ალბათ პირველ რიგში მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთვის. პოლონელს მართლაც საოცარი წელი ჰქონდა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
France Football-ის „ოქროს ბურთის“ გათამაშება 2020 წელს რომ არ გაეუქმებინა, ამ უპრესტიჟულეს პრიზსაც მოიგებდა, მაგრამ უამისოდაც პოლონელის მონაგარი ფანტასტიკურია. მან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა - საწოლში მოგებულ გუნდურ და ინდივიდუალურ ჯილდოებთან ერთად ნებივრობს...
ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ევროპის სუპერთასი, გერმანიის სუპერთასი, Globe Soccer Awards-ის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, უეფას ვერსიით ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირის ჯილდოები - ლევანდოვსკის 2020 წელი არასდროს დაავწიყდება. სხვათა შორის, მან 47 მატჩში 55 გოლი გაიტანა და ყველა ეს ტიტული დაიმსახურა.