„მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ გამარჯვება მისი ნარკოტიკია და მოედანზე მხოლოდ ამ მიზნით გადის. შვედი ფორვარდის განცხადებით, თავს სანტა კლაუსად გრძნობ, რომელიც საჩუქრებს 27 შვილს ურიგებს.
„ჩემთვის არასდროს არაფერს ვითხოვ. მე ვარ სანტა კლაუსი ვარ, მე საჩუქრებს ვაძლევ ჩემს 27 შვილს: ორი შვედეთშია და 25 მილანელოში (გულისხმობს "მილანის" ფეხბურთელებს - რედ). ჩვენ წელს ბევრი გავაკეთეთ, როდესაც მოვედი მე-12 ადგილზე ვიყავით და ახლა ლიდერები ვართ. დავამტკიცეთ, რომ „მილან“ ტოპგუნდია და ასე უნდა გავაგრძელოთ.
ბევრ გუნდში მითამაშია და ყველას პატივს ვცემ, შესანიშნავი მოგონებები მაქვს, მაგრამ „მილანში“ თავს შინ ვგრძნობ. ვარჯიშზე დილით მივდივარ, მაგრამ სახლში დაბრუნებას არ ვჩქარობ, რადგან მილანელო ჩემთვის ისედაც სახლია. ეს 2010 წელს ვიგრძენი, როდესაც აქ პირველად მოვხვდი.
ჩემი საიდუმლო? გამარჯვება ჩემთვის ნარკოტიკია. რთულია ამის ახსნა, მაგრამ როდესაც მოედანზე ვარ, უნდა გავიმარჯვო, ნებისმიერ ფასად და ყოველთვის. მეკარეებიდან საუკეთესო ბუფონია. ის ყველაზე ძლიერია. მასთან ერთად „იუვენტუსში“ დიდი დრო გავატარე, განსაკუთრებული გუნდი იყო, ჩემი პირველი ტოპკლუბი. ნედვედი - ნამდვილი მანქანა, რომელიც ვარჯიშის დაწყებამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის დასრულების შემდეგაც მუშაობდა. რონალდო ფენომენია, ჩემი კერპი იყო, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონაა. ერთადერთი, ვინც ჩემზე უკეთესი ფეხბურთელიც იყო“, - თქვა ზლატანმა.
შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა და 2020 წელს 30 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.