ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩი ქართველ ფეხბურთელებს კარგად იცნობს. 47 წლის ბელარუს სპეციალისტს ზურიკო დავითაშვილის, ბექა მიქელთაძის, სოლომონ კვირკველიასა და ნიკა ყიფიანის სახით გუნდშ ამჟამად 4 ქართველი ფეხბურთელი ჰყავს.
გარდა ამისა, მცირე პერიოდით ჯანო ანანიძესთანაც იმუშავა, ხოლო ფეხბურთელობისას, კიევის „დინამოში“ კახა კალაძისა და გიორგი დემეტრაძის თანაგუნდელი იყო. Sport-express-თან ინტერვიუში გამოცდილმა სპეციალისტმა ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი პროფესიონალები არიან.
- ერთხელ თქვით: გუნდში ერთი ქართველი კარგია, ორი უკვე პრობლემაა, ხოლო სამი ცეკვას და მწვადს უდრის. „როტორში“ ახლა ოთხი ქართველია...
- თქვენ კიევის „დინამოს“ დროინდელი ინტერვიუ გაიხსენეთ, როდესაც იქ ვთამაშობდი კალაძესთან და დემეტრაძესთან ერთად. მათთან ნამდვილად სასიამოვნო იყო და „როტორშიც“ ასეა. მატჩი ან ვარჯიში დამთავრდება და გასახდელში ხმაურია. ისინი თამაშს საკუთარ ენაზე არჩევენ, იუმორისტული ჟესტიკულაციით. ქართულ მუსიკას რთავენ...
- ადვილია მათთან მუშაობა?
- დიახ. ოთხივე პროფესიონალი ადამიანია და გუნდის პრინციპებს პატივს სცემენ.
- რუსულად რომელი საუბრობს უარესად?
- მიქელთაძე.
- ისტორიები არის?
- როგორიც კალაძესთან? არა, არა.
- და, კალაძესთან რა ისტორიაა?
- კიევის „დინამოში“ ახალი გადმოსული იყო, რუსულად ძლივს ლაპარაკობდა და მე მას ვეხმარებოდი. ერთხელ მანქანით ქალაქში გავდიოდით და მოულოდნელად კახამ მუხლზე ხელი დამადო და მკითხა: „დღეს სახლში მარტო ხარ?“ მე შევკრთი. მუხლიდან ხელი მოვაშორებინე და ვუპასუხე: „კახა, მე დაქორწინებული ვარ“. სიცილი დაიწყო და შემდეგ ამიხსნა, რომ მე რასაც ვფიქრობდი, იმასთან შედარებით სულ სხვა რამეს გულისხმობდა. უნდოდა გაეგო შეგვეძლო თუ არა საღამოს რესტორანში წასვლა. ძალიან ინტიმური სიტუაცია აღმოჩნდა.
- გვითხარით, რამდენი ზედმეტი კილოგრამით მოვიდა კვირკველია „როტორში“, 8?
- ნაკლები, მაგრამ თვალშისაცემი იყო. ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან მუშაობის წყალობით თავი მოიწესრიგა და ფორმაში ჩადგა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვრისკავდით, როდესაც ძირითადში ვათამაშებდით, რადგან 100%-ით მზად ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ მისი გამოცდილების და კლასის იმედი გვქონდა.
- ეს გამართლებული იყო?
- ყოველთვის არა. იმისთვის, რომ ძველი კვირკველია გახდეს, რომელიც „ლოკომოტივის“ დაცვის საყრდენი იყო, საიმედოობის კოეფიციენტი უნდა გაზარდოს.
- ანანიძე მეხუთე ქართველია, რომელიც არ დარჩა ვოლგოგრადში...
- ის პატიოსნად მოიქცა. როდესაც მიხვდა, რომ მუხლის ტრავმის გამო „როტორში“ ვერ ითამაშებდა, კონტრაქტის გაწყვეტა შემოგვთავაზა. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში ყველა ფეხბურთელი ასე არ მოიქცეოდა.
- შემდეგ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ანანიძე სავარაუდოდ კარიერას დაასრულებს. ჯანომ ეს მაშინვე უარყო და თქვა, რომ იანვრისთვის 100%-ით მზად იქნებოდა.
- ალბათ, მისი ნათქვამი არასწორად გავიგე.