ფეხბურთი

10:26 | 25.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნინუაც ქეცბაიასთან? "ანორთოსისს" მისი იჯარით დამატება სურს

ფამაგუსტას „ანორთსოისსში“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, ნიკა ნინუა გადავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული და კვიპროსული მედია ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაიამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ დამალა, რომ მის გუნდს ყველა რგოლში გაძლიერება სჭირდება და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახერხებს სეზონის ბოლომდე ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი სპეციალისტის მოთხოვნას გაითვალისწინებს. ნინუას ვარიანტი კი საკმაოდ რეალურია.

სალონიკის პაოკ-ში ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა და არცერთხელ 90 წუთი არ უთამაშია. სხვათა შორის, ნიკამ საბერძნეთის სუპერლიგაში გოლიც გაიტანა დაახლოებით ორი თვის წინ, მაგრამ ზუსტად იმ მატჩის შემდეგ საერთოდ არ მისცეს მოედანზე გასვლის შანსი. აქედან გამომდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ყველა მხარე მოგებული უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, „ანორთოსისში“ გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი უკვე თამაშობენ, ხოლო ნინუა პაოკ-ს გასულ ზაფხულს „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა.

0.111855