ტომას ტუხელი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის - გვამცნობს L’Equipe. წყაროს ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი ვადის ამოწურვამდე ნახევარი წლით ადრე გაწყვიტა. დათხოვნის შესახებ მას გუშინ საღამოს, ლიგა 1-ის მე-17 ტურის „სტრასბურთან“ მატჩის (4:0) წინ აცნობეს.
ბოლო დროს ფრანგულ მედიაში ხშირად ჩნდებოდა ჭორები ტუხელის პსჟ-დან წასვლის შესახებ. თუმცა, ელოდნენ, რომ ეს ზაფხულში, სეზონის დამთავრების შემდეგ მოხდებოდა.
ტუხელი პსჟ-ში 2018 წლიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით პარიზელები ორჯერ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, ასევე მოიპოვეს საფრანგეთის თასი, ლიგისა და სუპერთასები. ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
პსჟ-მდე ტუხელი დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „მაინცს“ წვრთნიდა.