ფეხბურთი

21:26 | 22.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" აპელაციამ შედეგი გამოიღო: "იუვენტუსთან" ტექნიკური წაგება გაუქმდა

იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა „ნაპოლის“ აპელაცია დააკმაყოფილა, რის შედეგადაც „იუვენტუსთან“ ტექნიკური წაგება ანულირდა და ამავდროულად დაკლებული 1 ქულა სატურნირო ცხრილში დაუბრუნდა.

4 ოქტომბერს „ნაპოლი“ ტურინში სათამაშოდ არ გამოცხადდა. კორონავირუსის რეგულაციების თანახმად, იტალიაში გუნდი ვალდებულია თამაშზე გავიდეს, თუ გუნდში ჯანმრთელი ჰყავს მინიმუმ 13 ფეხბურთელი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თამაშზე უარის თქმა, თუ კორონავირუსის დაინფიცრებული ფეხბურთელების გამო 13 ჯანმრთელ მოთამაშეს ვერ აგროვებს.

„ნაპოლის“ კი მაშინ მხოლოდ 2 მოთამაშე ჰყავდა ინფიცირებული, მაგრამ ამის მიუხედავად, რეგიონ კამპანიის ჯანდაცვის უწყებამ მათ ტურინში გამგზავრება დაბლოკა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ „ნაპოლის“ პროტოკოლის დარღვევის გამო „იუვენტუსთან“ ტექნიკური წაგება ჩაუთვალა (0:3) და გარდა ამისა, 1 ქულაც დააკლეს.

თუმცა, ნეაპოლელებმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა მათი აპელაცია დააკმაყოფილა. შედეგად, ახლა „იუვენტუსსაც“ და „ნაპოლისაც“ 24-24 ქულა აქვთ, თუმცა, სხვებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. იტალიაში საკმაოდ გადატვირთული კალენდარია და ჯერ გაურკვეველია, როდის გაიმართება ეს თამაში.

0.116285