ფეხბურთი

14:38 | 21.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან წოწონავა: “უმაღლესი ლიგის გუნდების შემოთავაზება მაქვს და არჩევანს მალე გავაკეთებ“

მარტვილის „მერანმა“ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურებში დაკარგული ქულების შემდეგ, სატურნირო ცხრილში პოზიცია ისე გაიუარესა რომ პლეი-აუტის თამაში დასჭირდა. არადა, გიგა გიგატაძის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრევსატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იყო და თითქოს ლიგიდან გავარდნის საფრთხეც არ ემუქრებოდა, მაგრამ საბოლოოდ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მესამე ლიგელ „გორთან“ ორმატჩიანი დაპირისპირება მოუხდა.

მარტვილელებმა ორი მატჩის ჯამში გორელები (0:0, 3:1) დაამარცხეს და ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. პლეი-აუტის მატჩებში გამორჩეული გახლდათ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლევან წოწონავა, რომელმაც გორელებთან მატჩის ბედი პრაქტიკულად მარტომ გადაწყვიტა - ჯერ მეტოქის მეკარე ერეკლე გულუაშვილი გააგდებინა არბიტრს, როდესაც პირისპირ დარჩენილმა წესები უხეშად დაარღვევინა, შემდეგ გაბრიელ საღრიშვილს გაუკეთა საგოლე გადაცემა და მატჩის მიწურულს თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.

23 წლის შემტევი ნახევარმცველი ლიგა 2-ის დასრულებულ სეზონში მთლიანად ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მარტვილელებს 5 გოლით და 4 პასით დაეხმარა. პლეი აუტში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, სადაც კიდევ ერთი გოლი მიითვალა და ახალი გამოწვევისთვის ემზადება - წოწონავას უკვე აქვს უმაღლესი ლიგის გუნდების რამდენიმე შეთავაზება და უახლოეს დროში არჩევანსაც გააკეთებს. მანამდე მარტვილელთა ნიჭიერმა შემტევმა „გორთან“ პლეი-აუტის ორმატჩიანი დუელი შეაფასა და თავისი სავარაუდო ახალი გუნდის შესახებაც გვესაუბრა.

"გორი“ კარგი გუნდია და შემთხვევითი არ არის, რომ მეორე ლიგაში გადმოსვლის შანსი გაუჩნდა, თუმცა „მარტვილის“ დაქვეითება მართლა უსამართლობა იქნებოდა, დღესდღეობით მეტოქეზე უკეთესი შემადგენლობა გვყავს და ბევრად სანახაობრივ ფეხბურთსაც ვთამაშობთ. ამას დაუმატეთ ისიც რომ ჩვენი გუნდი ბევრად გამოცდილია და საბოლოო ჯამში პლეი-აუტში ლოგიკური შედეგიც მივიღეთ.

ჩემი თამაშით ბედნიერი ვარ, მიხარია რომ გუნდს ლიგაში დარჩენაში დავეხმარე. ამ სეზონის შემდეგ სხვა გუნდში ვაპირებ თამაშს და გული დამწყდებოდა, აქედან ისე რომ წავსულიყავი „მერანს“ ლიგაში ადგილი ვერ შეენარჩუნებინა.

მარტვილში დავიბადე და გავიზარდე, ფეხბურთის თამაში აქ მასწავლეს და ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემს გულში. ამ გამარჯვების შემდეგ ბევრად მშვიდად და ვალმოხდილი გავაგრძელებ სხვაგან კარიერას. რაც შეეხება შემოთავაზებებს, უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი დაუკავშირდა საფეხბურთო სააგენტო „ბენე სპორტს“, რომელთანაც ვთანამშრომლობ და შეიძლება ითქვას რომ ჩემი ახალ გუნდში გადასვლა უბრალოდ დროის ამბავია. „ბენე სპორტი“, რომელიც კლუბებთან მოლაპარაკებისას ჩემი უშუალო წარმომადგენელია საუკეთესო ვარიანტს შემირჩევს და მეც საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ. ძალიან მინდა რომ ახალი სეზონიდან უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში ვითამაშო და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება“,- თქვა წოწონავამ.

შეგახსენებთ, რომ ლევან წოწონავამ მიმდინარე სეზონი ყველა ტურნირის გათვალისწინებით "მერანში" 20 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.

0.115426