„ლივერპული“ რომ ტრავმების სახადს კიდევ იხდის, ეს არახალია. მაგრამ არის ერთი ფეხბურთელი, რომლის დაშავებამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეს ვირჯილ ვან დეიკი გახლავთ.
ის ჯერ კიდევ მკურნალობს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ახლავე ცდილობს მას ახალი, ხანგრძლივი და გაუმჯებესებული კონტრაქტი გაუხერხოს, რათა ნიდერლანდელი დიდი ხნით შეინარჩუნოს.
29 წლის ვიჯილის „წითლებთან“ ხელშეკრულებას ვადა 2023 წელს გასდის. კლუბში კი სერიოზულად მუშაობენ იანვარში ახალი წინადადების შეთავაზებისთვის რომელიც 2025 წლამდე იქნება გათვლილი.
CBS Sports კი გვამცნობს, რომ თავად ნიდერლანდელსაც სურს მერსისაიდში დარჩენა. ხუმრობა ხომ არ არის, „ლივერპულში“ ხომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად გადაიქცა, რაშიც კლოპის წვლილიცაა. ის „ენფილდზე“ ლამის პირველი კაცია, ყველა დიდ პატივს სცემს. მისი სჯერათ და ეიმედებათ.
ვან დეიკი „ლივერპულმა“ 2018 წლის იანვარში იყიდა „საუთჰემპტონიდან“ 75 მილიონ გირვანქად. ამ მოკლე დროში მან გუნდთან ერთად მოიგო 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგა და 2019-20 წლების პრემიერლიგა.
მოიხვეჭა ინდივიდუალური პრიზებიც. ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) ის 2019 წლის საუკეთესო ფეხბუთრთელად დაასახელა. უეფამ ასევე საუკეთესოდ აღიარა იმ სეზონში, ხოლო „ოქროს ბურთისთვის“ დავაში მხოლოდ ლიონელ მესიმ აჯობა. კრიშტიანუ რონალდუ კი უკან მოიტოვა.
ოქტომბერში „ევერტონთან“ მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მართალია მარჯვენა მუხლზე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ალბათ სეზონის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება მინდორს.
თუმცა, ვინ იცის. დეკემბრის დასაწყისში ფოტოები გამოაქვეყნა კლუბის კირკბის ახალი საწვრთნელი ბაზიდან, სადაც დარბაზში ფიზიოთერაპევტის ზედამხედველობით ასრულებს გარკვეულ ვარჯიშებს.
„ისე ვვარჯიშობ, როგორც არასოდეს ცხოვრებაში.“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ვირჯილი 6 დეკემბერს „ვულვზთან“ საშინაო მატჩისას (4:0) შეამჩნიეს „ლივერპულის“ სათადარიგოთა სკამზე. ძალიან უხაროდა თავისიანების გოლები.