ინგლისის პრემიერლიგას მე-13 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - „ლივერპული“. „წითლებმა“ შინ კონკურენტი „ტოტენჰემი“ მიიღეს და იურგენ კლოპი ჟოზე მოურინიოსთან დუელში გამარჯვებული გამოვიდა.
მატჩი ცხადია დაძაბული გამოდგა და დრამატული დასასრულიც ჰქონდა. პირველ ტაიმში მოჰამედ სალაჰმა ანგარიში გახსნა, რასაც სწრაფადვე უპასუხა ჰონ-მინ სონმა და ტაიმიც ასე დასრულდა. ნაანტრაქტევს ლონდონელები უფრო მწვავედ უტევდნენ, მაგრამ მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგეს და ბოლოს საერთოდაც გაუშვეს. რობერტო ფირმინომ მეტოქის კარში გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანა და „ტოტენჰემს“ გასათაბრებლად დრო აღარ დაუტოვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელმა ფორვარდმა "ლივერპულს" არამარტო 3 ქულა მოუტანა, არამედ 6-ქულიანი თამაში მოაგებინა...
ამრიგად, „ლივერპული“ ერთპიროვნულად გალიდერდა - 28 ქულა აქვს და „ტოტენჰემს“ 3 ქულით გაასწრო. აი, შემდეგ სამ ადგილს კი „საუთჰემპტონი“, „ლესტერი“ და „ევერტონი“ იკავებენ.
„სოტონი“ სტუმრად ლონდონში „არსენალს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა. ან, შეიძლება ითქვას, დაკარგა, რადგან რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. „საუთჰემპტონი“ თუ მესამე ადგილზეა და ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, „არსენალი“ კატასტროფის მიჯნაზეა - მე-15 ადგილი!..
კარლო ანჩელოტის „ევერტონი“ ჩავარდნის შემდეგ ფერზე მოვიდა და უკვე მეხუთე ადგილზე დაბრუნდა. ლივერპულელებმა სტუმრად „ლესტერ სიტის“ მოუგეს და სატურნირო ცხრილში უკან ლონდონის „ჩელსი“ მოიტოვეს.
13 ტურის თავზე ფაქტია, რომ პრემიერლიგაში მოვლენები ძალზე საინტერესოდ ვითარდება და არავინ იცის, რა მოხდება სეზონის ფინიშამდე.
„არსენალი“ – „საუთჰემპტონი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 უოლკოტი (18), 1:1 ობამეიანგი (52)
„ლიდსი“ – „ნიუკასლი“ 5:2 (1:1)
გოლები: 0:1 ჰენდრიკი (26), 1:1 ბამფორდი (35), 2:1 როდრიგო (61), 2:2 კლარკი (65), 3:2 დალასი (77), 4:2 ალიოსკი (85), 5:2 ჰარისონი (88)
„ლესტერი“ – „ევერტონი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 რიშარლისონი (21), 0:2 ჰოლგეიტი (72)
„ფულჰემი“ – „ბრაიტონი“ 0:0 (0:0)
„ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 სალაჰი (26), 1:1 სონი (33), 2:1 ფირმინო (90)
„ვესტ ჰემი“ – „კრისტალ პალასი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ბენტეკე (34), 1:1 ჰალერი (55)