მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ილია გერკუსი, championat.com-ს „რკინიგზელთა“ ქართველი მცველის, სოლომონ კვირკველიას შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ კვირკველია „ლოკომოტივის“ საკუთრებაა და იჯარის წესითაა განათხოვრებული „როტორში.“
„კვირკველიამ, შესაძლოა, კარიერა თურქეთში გააგრძელოს. ამ ზამთარს სოლომონი შეიძლება თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის რიგებში ჩაირიცხოს.
სოლომონმა თავისი წვლილი შეიტანა გუნდის მიერ ვერცხლის მედლებისა და ჩემპიონთა ლიგის ადგილის მოპოვებაში. მაგრამ გაუშვეს და ხელფასის დიდ ნაწილს ახლაც უხდიან. „როტორსა“ და საქართველოს ნაკრებში მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, შეიძლება ძალიან კარგად არ ირჯება, მაგრამ საკმაოდ ნორმალურად თამაშობს იმისათვის, რომ თურქმა სკაუტებმა შეამჩნიონ.
„ლოკომოტივთან“ მას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, ამიტომ გამოსასყიდი სიმბოლური იქნება. წარმატება სოლომონს! - წერს გერკუსი.
კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წელს გადავიდა „რუბინიდან.“ მიმდინარე სეზონში 28 წლის ქართველმა მცველმა „როტორის“ შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა რუსეთის ჩემპიონატში, ხოლო სეზონის დასაწყისში ერთხელ მოირგო „რკინიგზელების“ მაისურა.