ფეხბურთი

15:05 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “ირლანდიის ნაკრებთან ისეთი თამაში წავაგეთ, რომელიც არ უნდა წაგვეგო”

heraldscotland.com-მა შოტლანდიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მოახლოებული მატჩის წინ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორი იხსენებს ამ გუნდებს შორის 2007 წელს თბილისში გამართულ მატჩსაც, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა 2:0 მოიგეს და შოტლანდიელებს ევრო-2008-ზე მოხვედრის შანსი ფაქტობრივად დააკარგვინეს.

“მე მახსოვს, რომ შოტლანდიამ წააგო და საბოლოოდ, ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. მაშინ, ცოტა უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს, როდესაც 16 და 17 წლის ფეხბურთელები ათამაშეს. ეს 7 წლის წინ იყო და მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. სამწუხაროდ, ჩვენთვის უკეთესობისკენ არ შეცვლილა. თუმცა, ორი წლის წინ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შევეცადეთ ახალი გუნდი შეგვექმნა, რომელშიც ახალგაზრდა მოთამაშეები იქნებიან. მათ თავიანთი საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინონ. ამჯერადაც, გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც 19, 20 და 21 წლისანი არიან. იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ” – იუწყება საქართველოს ნაკრების თავკაცის, თემურ ქეცბაიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი heraldscotland.com-ი.

სტატიაში საუბარია, რომ მაშინ ქართველების რიგებში მეკარე გიორგი მაკარიძემ და ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ ითამაშეს, რომლებიც 17-17 წლისანი იყნენ და ასევე, 16 წლის ლევან ყენიამ იასპარეზა. heraldscotland.com-ი იუწყება, რომ წესით, 7 წლის მერე ისინი “ვარსკვლავებად” უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ, მაგრამ მხოლოდ მჭედლიძე თამაშობს იტალიურ “ემპოლიში” და ისიც შეცვლებზე.

სტატიის ავტორი წერს, რომ ამჟამად საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი გამოდის: ჯაბა კანკავა (“დნიპრო” ), ჯანო ანანიძე (“სპარტაკი”) და თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”). ეს უკანასკნელი დღესდღეობით ბელგიურ კლუბში ალექს მაკლიშის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, რომელიც 2007-ში შოტლანდიას წვრთნიდა.

ავტორი გლაზგოში ჩატარებულ თამაშსაც იხსენებს, როდესაც შოტლანდიამ 2:1 მოიგო და მასპინძლებიდან გოლები კრის ბოიდმა და კრეიგ ბიტიმ, ხოლო სტუმართაგან “გლაზგო რეინჯერსის” ყოფილმა “ვარსკვლავმა” შოთა არველაძემ გაიტანეს.

ქეცბაიას თქმით, თავიდანვე იცოდნენ, რომ ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლი რთული იქნებოდა:

“თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს შესარჩევი ციკლი ჩვენთვის რთული იქნებოდა. როდესაც ეთამაშები გუნდებს, რომლებიც ჯგუფში მეორე ან მესამე ადგილისთვის იბრძვიან, შესაძლოა ვერ მოიგო, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ არ წააგო. სამწუხაროდ, ირლანდიის ნაკრებთან ისეთი თამაში წავაგეთ, რომელიც არ უნდა წაგვეგო”.

აგრეთვე, სტატიაში ნათქვამია, რომ შესარჩევ ციკლებში ბოლოს საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მატჩი 2006 წლის აგვისტოში ფარერებთან მოიგო.

ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება 11 ოქტომბერს გლაზგოში გაიმართება.

0.122773