იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ამის მიზეზი ლიდერ „მილანის“ დაკარგული ქულებია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მისმა ყველა მდევარმა მოიგო. მოკლედ, კალჩოში წინ დიდი ამბები გველოდება, მაგრამ მე-11 ტურიც მაგარი გამოდგა.
„მილანმა“ ტურის დასკვნით შეხვედრაში „პარმას“ უმასპინძლა და უდაო ფავორიტად განიხილებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მესამედ დაკარგა ქულები და კვლავ სახლში. „სან სიროზე“ „როსონერი“ „პარმასთან“ დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მარტო ჰაკან ჩალჰანოღლუმ ბურთი კარის ძელს (ხარიხას) სამჯერ მოარტყა, ერთხელაც ბრაჰიმ დიასმა. თუმცა, სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, გოლებს „პარმა“ იტანდა. ერნანისა და ჯასმინ კურტიჩის გოლებით პარმეზანელები მეორე ტაიმის სტარტზე 2:0-ს იგებდნენ. „მილანს“ მხსნელად ფრანგი მცველი ტეო ერნანდესი მოევლინა, რომელმაც იმდენად მაგრად ითამაშა, რომ ფრანკო ბარეზიმ ნამატჩებს ტვიტერში დაპოსტა - ფენომენო ტერო ერნანდესოო... მართლაც, ფრანგმა დუბლი შეასრულა, მათ შორის, მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებუ დროში გაიტანა და „მილანის“ დაუმარცხებელი სერია გააგრძელა. „როსონერის“ სერია A-ში არათუ მიმდინარე სეზონში, არამედ ბოლო 23 თამაშია არ წაუგია და საერთოდ, ტოპ ჩემპიონატებში „ატლეტიკოს“ „რეალთან“ მარცხის შემდეგ ერთადერთი გუნდია, რომელსაც კოვიდ პანდემიის პერიოდში განახლებული სეზონის შემდეგ (ივნისში) არ წაუგია. თუმცაღა, ამის მიუხედავად, შავ-წითლების უპირატესობა ახლა „ინტერთან“ არა 5, არამედ 3 ქულაა.
„ინტერმა“ დღის პირველ მატჩში სტუმრად „კალიარის“ მოუგო. არადა, ანტონიო კონტეს გუნდმა ტაიმის ბოლოს გაუშვა და კარგა ხანს აგებდა, სანამ სარდიენიელთა ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლო ბარელამ 77-ე წუთზე არ გაათანაბრა. დარჩენილ დროში მილანელებმა დანილო დ’ამბროზიოსა და რომელუ ლუკაკუს გოლებით საქმე გამარჯვებამდეც მიიყვანეს. „ინტერი“ თანაქალაქელთან ჩამორჩენა შეამცირა და მეორე ადგილიც შეინარჩუნა.
ლომბარდიულ გრანდებს უდგას კვალში მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“, რომელმაც ანდრეა პირლოს თავკაცობით სერია A-ში პირველად მოიგო მიჯრით ორი თამაში... უცნაურია, მაგრამ ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. ტურინელებმა სტუმრად „ჯენოას“ აჯობეს. ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი პაულო დიბალას სტეფანო სტურარომ უპასუხა. დიბალამ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში პირველად გაიტანა და როგორც იქნა, პირადი ანგარიში გახსნა. თუმცა, 4 წუთში ყოფილმა იუვენტინო სტურარომ გაათანაბრა. ტურინელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ლოგიკურია, რომ ბოლოს მაინც იმარჯვეს. დუბლი შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ორივე გოლი, როგორც ბარსელონაში, ახლაც პენალტებით გაიტანა. მან „იუვეს“ მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა და 79 გოლი აქვს გატანილი, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია. გეტყვით იმასაც, რომ ტურინულ გრანდს 3 გოლი გააუქმეს, მაგრამ სამართლიანად. ასეა თუ ისე, „იუვენტუსმა“ 3:1 იმარჯვა და „მილანის“ ქულების დაკარგვის შემდეგ ლიდერის პოზიციას 4 ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, ტურინული გრანდი ჯერაც დაუმარცხებელია.
„იუვენტუსის“ დარად 23 ქულა აქვს „ნაპოლის“, რომელმაც ასევე ბევრი იწვალა შინ „სამპდორიასთან“, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოიგო. პირველი ტაიმი კლაუდიო რანიერის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნაანტრაქტევს ჯენარო გატუზოს გუნდმა ორი გოლი გაიტანა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
ლიდერთა შორის მხოლოდ ორმა გუნდმა მოიგო აუღელვებლად. „ატალანტამ“ შინ ფლორენციის „ფიორნეტინა“ დაჯაბნა მარტივად და 3 უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო „რომას“ ბოლონიაში ჰქონდა ბენეფისი, სადაც მე-15 წუთზე 3:0-ს, პირველი ტაიმის შემდეგ კი 5:1-ს იგებდა და საბოლოოდ ასეც იმარჯვა.
იტალიაში მე-12 ტურის მატჩები შუა კვირაში გაიმართება და ყველაზე საინტერესო „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ ტურინული დუელი და „ინტერი“ – „ნაპოლის“ დაპირისპირება იქნება.
„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 1:3 (0:0)
გენუა, „მარასი“
„ჯენოა“ (4-4-2): პერინი; გოლდანიგა, ბანი, მაზიელო, პელეგრინი; ლერაგერი, რადოვანოვიჩი (კაზო 82), როველა (პანდევი 82), სტურარო (ბეჰრამი 66); პიაცა (შომუროდოვი 73), სკამაკა (დესტრო 66)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, ალექს სანდრო; მაკკენი, ბენტანკური, რაბიო (მორატა 67), კიეზა (ბერნარდესკი (84); დიბალა (კულუშევსკი 83), რონალდუ
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
გოლები: 0:1 დიბალა (57), 1:1 სტურარო (61), 1:2 რონალდუ (78, პენ), რონალდუ (90, პენ)
გაფრთხილება: გოლდანიგა (15) - რაბიო (2), მაკკენი (77), ბენტანკური (83)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 17 (9) ბურთის ფლობა: 29% - 71% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 0:10
მსაჯი: მარკო დი ბელო
„კალიარი“ – „ინტერი“ 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 სოტილი (42), 1:1 ბარელა (76), 1:2 დ’ამბროზიო (84), 1:3 ლუკაკუ (90)
„ატალანტა“ – „ფიორენტინა“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 გოსენსი (44), 2:0 მალინოვსკი (55), 3:0 ტოლოი (63)
„ბოლონია“ – „რომა“ 1:5 (1:5)
გოლები: 0:1 პოლი (5, ა.გ), 0:2 ჯეკო (10), 0:3 პელეგრინი (15), 1:3 კრისტანტე (24, ა.გ), 1:4 ვერეტუ (35), 1:5 მხითარიანი (44)
„ნაპოლი“ – „სამპდორია“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 იანკტო (20), 1:1 ლოსანო (53), 2:1 პეტანია (68)
„მილანი“ – „პარმა“ 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 ერნანი (13), 0:2 კურტიჩი (56), 1:2 ტეო ერნანდესი (58), 2:2 ტეო ერნანდესი (90)