ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „ლაჩხუთი“ შვედურ „როზენგარდს“ დაუპირისპირდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პირველივე მატჩში დაკარგა.
გურულებისთვის ეს ახალი გამოცდილება და ახალი გამოწვევა იყო. „ლანჩხუთმა“ ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გავიდა.
„როზენგარდი“ კი მაღალი დონის გუნდია და ბუნებრივია აშკარა ფავორიტი იყო. საბოლოოდ 0:7. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა 6 გოლი გაიტანეს.
მხოლოდ სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე - „ლანჩხუთს“ კარის მიმართულებითაც არ დაურტყამს, არც კუთხური ჩაუწოდებია. საპასუხოდ, შვედებმა კარისკენ 43-ჯერ დაარტყეს, 17 კუთხური ჩააწოდეს. საუკეთესო კი 7 გაშვებული გოლის მიუხედავად თათია გაბუნია იყო, რომელმაც თამაში 21 სეივით დაასრულა.
ამ გუნდების საპასუხო მატჩი შვედეთში ერთ კვირაში გაიმართება.
„ლანჩხუთი“ – „როზენგარდი“ 0:7 (0:6)
გოლები: 0:1 ცანკოვიჩი (7), 0:2 კანერიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგაარდი (26), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33), 0:7 სეგერი (74)