„იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ პირობა შეუსრულა და „კამპ ნოუზე“ ნამდვილი GOAT ჩაუყვანა. საქმე ისაა, რომ ტურინში გამარჯვების შემდეგ, „ბარსას“ ტვიტერში განთავსდა პოსტი, სადაც ეწერა:
„მოხარული ვართ, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი თქვენს მოედანზე ნახეთ“, - წერდა „ბარსელონა“ ტურინში უსმან დემბელესა და ლიონელ მესის გოლებით გამარჯვების მერე და რა თქმა უნდა, საუკეთესოში მესის გულისხმობდა.
მაშინ ტურინული კლუბის სოციალურ გვერდზე პასუხიც ვიხილეთ და „ბარსელონას“ ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელის ესპანეთში ჩაყვანას შეპირდნენ. ბუნებრივია, იტალიელებმა კრიშტიანუ რონალდუ იგულისხმეს, რომელსაც 28 ოქტომბრის მატჩში კორონავირუსის გამო არ უთამაშია.
ახლა კი, როცა „იუვე“ „კამპ ნოუზე“ 3:0 მოიგო, მოედანზე რევანში აიღო და კრიშტიანუმ დუბლი შეასრულა, ესპანურ კლუბს ძველი ამბავი შეახსენეს. „ჩვენ სიტყვა შევასრულეთ: ის ჩამოვიყვანეთ“, - წერია „იუვენტუსის“ ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს დუბლის გარდა, ერთი გოლი ვესტონ მაკკენიმ გაიტანა და „იუვენტუსმა“ 3:0 მოიგო. ტურინულმა გუნდმა ამ გამარჯვებით „ბარსელონა“ უკან მოიტოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.