ფეხბურთი

10:25 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" შთამბეჭდავი სტატისტიკა და პარადოქსი: ზლატანის გარეშე "როსონერი" უფრო მრისხანეა

„მილანის“ შავი წლები როგორც ჩანს წარსულს ჩაბარდა და ლომბარდიული გრანდი საოცრად ათამაშდა. სტეფანო პიოლის გუნდმა ბოლოს მარტში „ჯენოას“ წინააღმდეგ წააგო (სერია A-ში). გენუელებთან მარცხის მეორე დღეს იტალიაში კორონავირუსის გამო სეზონი შეწყდა, რომელიც ივნისში განახლდა.

მას შემდგომ „როსონერი“ შეუჩერებელია. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ერთადერთხელ წააგო, ევროპა ლიგაზე ფრანგულ „ლილთან“. შავ-წითლები სერია A-ს სატურნირო ცხრილსაც დამაჯერებლად ლიდერობენ და 30 შესაძლებლობიდან 26 ქულა მოიპოვეს.

რა თქმა უნდა, თუ ზოგადად სხვა ჩემპიონატებს გადავხედავთ და უმეტესად ტოპ ლიგებს, კორონავირუსის პირობებში საფეხბურთო ამინდი შეიცვალა, ახლა ფავორიტებს განსაკუთრებით უჭირთ, მაგრამ ფაქტია მხოლოდ ამის გამო არ ხდება, რომ „მილანს“ ასეთი შთამბეჭდავი შედეგები აქვს.

ბევრისთვის „როსონერის“ აღზევება ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ასოცირდება, რომელმაც გუნდზე მართლაც დიდი ზეგავლენა მოახდინა. თუმცა, „მილანი“ მის გარეშეც ახერხებს ქულების დაგროვებას, რაზეც სტატისტიკაც ნათლად მოწმობს.

2020 წელს „მილანმა“ იბრაჰიმოვიჩთან ერთად 28 თამაში ჩაატარა, 18 მოიგო, 7-ჯერ ფრეს დასჯერდა და 3-ჯერ წააგო. საშუალოდ გუნდი თამაშში 2.18 ქულას აგროვებდა და 2.14 გოლს იტანდა (ჯამში 60). ამავე წელს იბრას გარეშე „როსონერიმ“ 12 შეხვედრა ჩაატარა და საშუალო მაჩვენებელი კიდევ უფრო უკეთესია - 8 მოგება, 4 ფრე, 0 წაგება, 2.33 ქულა საშუალოდ თამაშში და 2.17 გოლი (26 ჯამში).

კიდევ ორი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი: „მილანმა“ 10 ტურში 8 გამარჯვება მოიპოვა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამაზე უკეთესი შედეგი ისტორიაში ერთადერთხელ ჰქონდა და ისიც 66 წლის წინ, 1954-1955 წლების სეზონში, როდესაც სასტარტო 10 თამაშიდან 9 მოიგო. გარდა ამისა, სერია A-ს ბოლო 30 თამაშში „მილანს“ მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია და ეს სულაც ამ კლუბის რეკორდია.

ალბათ, ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელებით და არაერთი თაობის „მილანი“ გვახსოვს, მაგრამ ასეთი ფანტასტიკური სტატისტიკა არცერთ გუნდს არ ჰქონია - არც ნერეო როკოს, არც არიგო საკის, არც ფაბიო კაპელოსა და არც კარლო ანჩელოტის „მილანს“. აქვე სტეფანო პიოლის „მილანს“, რომელიც ჩემპიონობისკენ ძალიან დიდი სიჩქარით მიიწევს და საკითხავია, ვინმე თუ გააჩერებს...

0.114187