ნეაპოლის სტადიონ „სან პაოლოს“ სახელი შეეცვალა და მას ამიერიდან „სტადიო დიეგო მარადონა“ ეწოდება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. რეზოლუციას ხელი ნეაპოლის მერმა ლუიჯი დე მაგისტრისმა მოაწერა.
„ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც თავისი უზარმაზარი ნიჭითა და ჯადოქრობით „ნაპოლის“ 7 წლის განმავლობაში ემსახურა, მოიგო ორი სკუდეტო და სხვა პრესტიჟული თასები. სანაცვლოდ კი ქალაქისგან მარადიული სიყვარული მიიღო. მარადონამ ჩვენი ქალაქის ყველაზე ბნელ წლებში დაამტკიცა, რომ შესაძლებელია ადგომა, გამარჯვება და ტრიუმფი. მან ქალაქს იმედი გაუჩინა, მოიგო არამხოლოდ გუნდისთვის, არამედ ქალაქისთვის. მარადონა ყოველთვის იყო ყველაზე სუსტი და უბრალო ხალხის გვერდით, ის იბრძოდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქალაქის მკვიდრნი განიცდიდნენ“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
დიეგო მარადონა „ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში თამაშობდა და 259 მატჩში 115 გოლი გაიტანა. ნეაპოლელებმა მასთან ერთად მოიგეს ისტორიაში ორივე სკუდეტო და ერთადერთი ევროტურნირი (უეფას თასი, 1989 წელს).
ლეგენდარული არგენტინელი 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.