ბელგიური „გენტის“ მთავარ მწვრთნელად ჰეინ ვანჰაეზებრუკი დაინიშნა, რომელიც კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელადაა მიჩნეული. 56 წლის სპეციალისტმა გუნდმა წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა და გუნდს 2022 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
ვანჰაეზებრუკმა ვიმ დე დეკერი შეცვალა, რომელიც გუშინ ევროპა ლიგაზე ზედიზედ მეხუთე წაგების შემდეგ გაათავისუფლეს.
„გენტმა“ უკვე მეოთხე მწვრთნელი დანიშნა მიმდინარე სეზონში. ჯერ იეს თორუპი მუშაობდა, შემდეგ ლაშლო ბოლონი, მერე ვიმ დე დეკერი და ახლა ვანჰაეზებრუკი შეუდგა საქმიანობას.
სწორედ ის იყო „გენტის“ თავკაცი იმ პერიოდში (პირველი ერთი თვე), როდესაც ბელგიურ გუნდში გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა. საერთოდ, ბელგიელ სპეციალისტს „ბუფალოში“ 2014-2017 წლებში უმუშავია და გუნდმა ბელგიის ჩემპიონობა ისტორიაში ერთადერთხელ მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა. გარდა ამისა, ბელგიის სუპერთასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე 2015-2016 წლების სეზონში მერვედფინალიც ითამაშა.
„გენტისთვის“ მიმდინარე სეზონი საშინლად მიმდინარეობს. ევროპა ლიგაზე ჯგუფში 5 ტურის მერე ქულაც არ მოუპოვებია, ხოლო ბელგიის იუპილერ ლიგაში 14 ტურის თავზე მე-12 ადგილზეა (16 ქულა).