ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა გიორგი ქვილითაიას თამაშით ძალიან კმაყოფილია და მისი შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი. როგორც კვიპროსული მედია იტყობინება, ისინი ქართველის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ეცდებიან.
ქვილითაია თემურ ქეცბაიას გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარითაა, „გენტთან“ კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ბელგიელები ჩვენებურს მომავალ ზაფხულს აღარ გაანათხოვებენ და მას მისაღებ ფასში გაყიდიან - „ანორთოსისში“ ან სხვა გუნდში.
კვიპროსელები ამით სარგებლობას აპირებენ და მზად არიან, გიორგის სატრანსფერო უფლებები გამოისყიდონ. მოლაპარაკებები სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება.
გიორგი ქვილითაია „ანორთოსისს“ მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა და კვიპროსის ჩემპიონატის რვა მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ერთხელ თავი ევროპა ლიგაზეც გამოიჩინა.