იტალიის სერია A-ში ტური ტურს მისდევს და „მილანის“ დაუმარაცხებელი სერია გრძელდება. გასულ სეზონსაც თუ ჩავთვლით, „როსონერის“ იტალიის ჩემპიონატში 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
სტეფანო პიოლის გუნდმა საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ უმასპინძლა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე და საწყის ნახევარ საათში ყველაფერი გადაწყვიტა. ალესიო რომანიოლიმ და ფრანკ კესიმ „იები“ ორჯერ დაამწუხრეს და ნათელი იყო, რომ „მილანი“ ისევ მოიგებდა. სხვათა შორის, კოტ დივუარელ კესის ცოტა ხანში დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა.
„მილანს“ 9 ტურში 7 მოგება და 2 ფრე აქვს. შედეგად, 23 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევრებს, „ინტერსა“ და „სასუოლოს“ 5 ქულით უსწრებს. ეს უკვე ნამდვილად სერიოზული განაცხადია, არამარტო ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე, რაც „მილანისთვის“ 2013-2014 წლების შემდეგ სანატრელი ტურნირია, არამედ სკუდეტოზე! დიახ, „როსონერი“ უკან ნამდვილად არ დაიხევს და ფსიქოლოგიურად ამ გუნდის გაჩერება აწი ძალიან ძნელი იქნება. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გუნდებს მოგებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994 წლიდან) „მილანს“ 9 ტურში 23 ქულა პირველად აქვს მოპოვებული! ასე რომ, რატომაც არა სკუდეტო? ეს ძალიან რეალური მიზანი გახდა.
მეცხრე ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის გაიმართა. ნეაპოლში ეს მატჩი მთლიანად დიეგო მარადონას მიეძღვნა, რაც ბუნებრივია. მატჩამდე ლორენცო ინსინიემ ტრიბუნაზე მარადონას დიდ პოსტერთან ყვავილები მიიტანა, შემდეგ საერთო ფოტო გუნდმა მარადონას მაისურთან ერთად გადაიღო, ხოლო ლორენცო ინსინიემ გოლის შემდეგ ეს მაისური გამოფინა და ცხადია გოლი დიეგოს მიუძღვნა. ცნობისთვის, ნეაპოლელებმა თეთრ-ლურჯ ზოლიანი მაისურით ითამაშეს, რა თქმა უნდა, მარადონას პატივსაცემად - არგენტინის ნაკრების მაისურის დიზაინით. „ნაპოლიმ“ ცხადია ეს საღამო, როგორც დიეგოს ეკადრებოდა და გაუხარდებოდა, ისე ჩაატარა და „რომა“ 4:0 გაანადგურა. ნეაპოლელებმა 17 ქულას მოუყარეს თავი, იმდენს, რამდენიც „ვერონასა“ და „იუვენტუსს“ აქვთ, ლიდერ „მილანამდე“ კი დაშორება 6 ქულაა, რაც ცოტა ნამდვილად არ გახლავთ.
„ლაციო“ – „უდინეზე“ 1:3 (0:2)
გოლები: 0:1 არსლანი (18), 0:2 პუსეტო (45), 0:3 ფორესტიერი (71), 1:3 იმობილე (74, პენ)
„მილანი“ – „ფიორენტინა“ 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 რომანიოლი (17), 2:0 კესი (27, პენ)
„ბოლონია“ – „კროტონე“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 სორიანო (45)
„კალიარი“ – „სპეცია“ 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 გიასი (36), 1:1 ჟოაო პედრო (52), 2:1 პავოლეტი (58), 2:2 ნზოლა (90)
„ნაპოლი“ – „რომა“ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 ინსინიე (31), 2:0 ფაბიან რუისი (64), 3:0 მერტენსი (81), 4:0 პოლიტანო (86)