ფეხბურთი

11:43 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ცუდია, რომ მარადონას ასეთი დასასრული ჰქონდა"

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ „ენოსისი“ 4:2 დაამარცხა. გიორგი ქვილითაიამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და შეხვედრის გმირი გახდა. ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა, უმეტესად კი დიეგო მარადონას გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

„მინდა სამძიმარი ვუთხრა მთელ მსოფლიოს დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო. ის ყველა თაობის კუმირი იყო. მისი თამაშების ყურებით გავიზარდე, მიყვარდა და მეც ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. სამწუხაროა, რომ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არ გაუმართლა იმ კუთხითაც, რომ ეს პანდემიის პერიოდში მოხდა. ხალხმა ამის გამო ვერ შეძლო მისდამი სიყვარული გამოეხატა. ცუდია, რომ მას ეს დასასრული ჰქონდა. თამაშს რაც შეეხება, მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და სხვა არაფერი“, - თქვა ქეცბაიამ.

მატჩის შემდეგ კომენტარი გიორგი ქვილითაიამაც გააკეთა, რომელმაც კვიპროსულ კარიერაში პირვეი ჰეთ-თრიქი შეასრულა:

„ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ გავიმარჯვეთ. ჰეთ-თრიქის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ბურთი შინ მიმაქვს. შეგვიძლია უფრო კარგად ვითამაშოთ, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა“, - აღნიშნა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, კვიპროსის ჩემპიონატს „ანორთოსისი“ 26 ქულით ლიდერობს, ხოლო გიორგი ქვილითაია 6 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციას ოთხ ფეხბურელთან იყოფს.

0.121361