კალათბურთი

11:05 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების კალათბურთელების კომენტარები ფინეთთან გამარჯვების შემდეგ

საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი შერმადინმა, ალექსანდრე ფევაძემ, გივი ბაქრაძემ და საბა ლობჯანიძემ ფინეთის ნაკრებთან გამარჯვების (91:85) შემდეგ კომენტარი გააკეთეს და თამაში შეაფასეს.

გიორგი შერმადინი: „პირველ რიგში მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. კარგი თამაში იყო, ძალიან გახარებულები ვართ და ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში და ჩვენი გამარჯვება, ყველასთვის, ჩვენთვის, ჩვენი გულშემატკივრისთვის და ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ თამაშს მთელმა საქართველომ უყურა და გახარებულები არიან“.

ალექსანდრე ფევაძე: „ძალიან რთული თამაში გამოდგა. როგორც მოველოდით ფინელები პერიმეტრიდან მაგრად უტევდნენ და მწვრთნელისგან დაცვაში მქონდა დავალებები მოხსნებზე, მაგრამ შეტევაშიც რაღაცები გამომივიდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს. რთული გამარჯვება იყო, ვულოცავ მთელ საქართველოს. ზეგ ისევ რთული თამაში გველოდება შვეიცარიასთან და უკვე ვიწყებთ ამ მატჩისთვის მზადებას“.

გივი ბაქრაძე: „პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვება ფინეთში ფინეთთან და უბედნიერესი ვარ, რომ მეც ჩემი წვლილი შევიტანე ამ გამარჯვებაში. ძალიან დაძაბული თამაში იყო, რასაც ველოდით და ბოლოს რამდენიმე ეპიზოდში დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ თამაში. ასევე, ჩვენი ლიდერები, გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია შეუჩერებლენი იყვნენ“.

საბა ლობჯანიძე: „გუნდი რა თქმა უნდა მომზადებული იყო და თბილისიდან დავიწყეთ მზადება. შესწავლილი გვქონდა მათი ძლიერი და სუსტი მხარეებიც. ჩვენი ლიდერების ხარჯზე მოვიგეთ და წვლილი სხვა ბიჭებმაც შეიტანეს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ამ ბიჭებთან ერთად თამაში და ვცდილობდი ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა და ასე თუ ისე, ვფიქრობ, შევძელი. რთული იყო ფინელი ლიდერების დაჭერა, მაგრამ მეტ-ნაკლებად შევასრულეთ დავალება და ძალიან გამიხარდა, რომ გავიმარჯვეთ“.

საქართველოს ნაკრები ჯგუფს 3 გამარჯვებით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 30 სექტემბერს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

0.119363