ფეხბურთი

21:12 | 26.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

შილტონი: "მარადონა დიადი, მაგრამ არასპორტული ადამიანი იყო"

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ პეტერ შილტონმა დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგაც არ აპატია 34 წლის წინანდელი შემთხვევა. შილტონი ის კიპერია, ვისაც დიეგომ 1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ორი გოლი გაუტანა, ერთი - „ღმერთის ხელით“.

ინგლისელი მიიჩნევს, რომ მარადონა უდიდესი ფეხბურთელი იყო, თუმცა ბოდიში უნდა მოეხადა იმიტომ, რომ 34 წლის წინ ითაღლითა.

„ის დიადი იყო, მაგრამ სპორტული პრინციპები არ აინტერესებდა. უდიდესი მოთამაშე, რომლის წინააღმდეგ მითამაშია, თუმცა არ მომწონს ის, რომ ბოდიში ერთხელაც არ მოიხადა. არასდროს უღიარებია, რომ ითაღლითა და ბოდიშის მოხდა არც უცდია. ჩემი ცხოვრება დიდი ხანია უკავშირდება დიეგო მარადონას ცხოვრებას და არა ისე, როგორც მსურდა.

მიუხედავად ამისა, დამწუხრებული ვარ მისი გარდაცვალებით ასეთ ახალგაზრდულ ასაკში. ის უდავოდ ყველაზე დიდი ფეხბურთელია, რომელთანაც მითამაშია. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს“, - თქვა შილტონმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონამ პეტერ შილტონს 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი ჯერ ხელით გაუტანა, შემდეგ კი დაუვიწყარი დრიბლინგით და ეს ეპიზოდი ისტორიას „საუკუნის გოლის“ სახელით შემორჩა.

0.118493