იტალიის სერია A-ს მერვე ტურის მეორე სათამაში დღე საინტერესოდ წარიმართა. ფავორიტებმა მოიგეს და ლიდერთა შორის სიტუაცია უცვლელი დარჩა.
„იუვენტუსს“ „მილანმა“ გამარჯვებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი კრიშტიანუ რონალდუს დუბლით უპასუხა. „როსონერი“ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ნაპოლის“ ესტუმრა და შვედის ბრწყინვალებით 3:1 სძლია. 39 წლისაა იბრა, მაგრამ ასეთ ფორმაში წლებია არ ყოფილა. კიდევ ერთი დუბლი და თანაც რა გოლებით! ზლატანს 6 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში რონალდუს ისევ ორი გოლით გაასწრო. იბრაჰიმოვიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც 8 ტურში 10 გოლი გაიტანა!
„მილანს“ კი უკვე 20 ქულა აქვს, სერია A-ში წაუგებელ მატჩთა რაოდენობა 20-მდე გაზარდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. 1994-1995 წლების სეზონიდან, ანუ მას მერე, რაც გუნდები გამარჯვების სანაცვლოდ 3 ქულას იღებენ, „მილანს“ რვა ტურში 20 ქულა მეორედ აქვს. პირველად 2003-2004 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც სეზონი სკუდეტოთი დაასრულა და დიდებული ტემპი აქვს აკრეფილი. ეგაა, რომ ცხრილის ზემოთა ნაწილში სიმჭიდროვეა და ძალიან დაძაბული სეზონი იქნება. ნიშანდობლივია, რომ „მილანმა“ ნეაპოლში 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ხოლო სერია A-ში „ნაპოლისთან“ 11-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ნეაპოლური გუნდს 2014 წლის შემდეგ პირველად აჯობა.
„მილანს“ კვალში „სასუოლო“ უდგას, რომელმაც „ვერონას“ ჟერემი ბოგასა და დომენიკო ბერარდის გოლებით დამაჯერებლად მოუგო. სხვათა შორის, „ნეროვერდიმ“ ისტორიაში პირველად მოახერხა სერია A-ში ზედიზედ 4 საგარეო თამაშის მოგება. რობერტო დე ძერბის გუნდი საოცარ ფორმაშია და 18 ქულით მეორე ადგილზე დამსახურებულადაა.
მესამე პოზიცია კი „რომას“ კუთვნილებაა, რომელიც შეგვიძლია სკუდეტოს მაძიებელთა რიგებს მივაკუთვნოთ. რომ არა, „ვერონასთან“ პირველ ტურში ტექნიკური წაგება, „ჯალოროსი“ დაუმარცხებელია. რომაელებმა ამჯერად „პარმას“ 3:0 აჯობეს და სამივე გოლი ანტრაქტამდე გაიტანეს. დუბლი შეასრულა ჰენრიხ მხითარიანმა, რომელიც უბრალოდ საოცრებებს სჩადის - სომეხმა ფეხბურთელმა ბოლო ორ ტურში 5 გოლი გაიტანა.
მილანის „ინტერმა“ „ტორინოს“ უმასპინძლა და 4:2 იმარჯვა. თუმცა, ანტონიოკონტეს გუნდისთვის ადვილად არაფერი მოსულა. უფრო მეტიც, 62-ე წუთზე მილანური გრანდი 0:2 მარცხდებოდა და მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მოიგებდა. თუმცა, მოიგო, რადგან 67-ე წუთზე, ორბურთიანი ჩამორჩენიდან 3 წუთში მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ბოლოსკენ კი რომელუ ლუკაკუსა და ლაუტარო მარტინესის გოლებით გამარჯვებაც მოიპოვა. „ინტერი“ მეხუთე ადგილზეა და „იუვენტუსიც“ უსწრებს, მაგრამ სულ კინკილა ქულით. როგორც უკვე ვთქვით, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დიდი დაძაბულობაა.
„ფიორენტინა“ – „ბენევენტო“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 იმპორტა (52)
„ვერონა“ – „სასუოლო“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბოგა (42), 0:2 ბერარდი (76)
„ინტერი“ – „ტორინო“ 4:2 (0:1)
გოლები: 0:1 ძაძა (45), 0:2 ანსალდი (62, პენ), 1:2 სანჩესი (64), 2:2 ლუკაკუ (67), 3:2 ლუკაკუ (84, პენ), 4:2 ლაუტარო (90)
„რომა“ – „პარმა“ 3:0 (3:0)
გოლები: 1:0 მაიორალი (28), 2:0 მხითარიანი (32), 3:0 მხითარიანი (41)
„სამპდორია“ – „ბოლონია“ 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 თორსბი (7), 1:1 რეჯინი (44, ა.გ), 1:2 ორსოლინი (52)
„უდინეზე“ – „ჯენოა“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დე პაული (34)
„ნაპოლი“ – „მილანი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (20), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (54), 1:2 მერტენსი (63), 1:3 ჰაუგე (90)